ზვიად კუპრავამ და ზაზა სარალიძემ პრემიერის სახელზე გამოუძიებელი საქმეები შეიტანეს

ზვიად კუპრავამ და ზაზა სარალიძემ პრემიერის სახელზე გამოუძიებელი საქმეები შეიტანეს

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ და ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სახელზე მთავრობის ადმინისტრაციაში 30 საქმე შეიტანეს, რომელიც მათი მტკიცებით, გამოუძიებელია. 

ზვიად კუპრავას თქმით, მას იმედი აქვს, რომ პრემიერ-მინისტრი აღნიშნული საქმეებს გაეცნობა და პირად კონტროლზე აიყვანს. მისი ინფორმაციით, აღნიშნული საქმეები თავისი არსით ერთმანეთზე მძიმეა. 

“იმედი მაქვს, პრემიერ-მინისტრი გადაეღობება ამ ადამიანების მიმართ იმ მახინჯ სისტემას, რომელიც ჩაგრავს მათ, რომელიც გვჩაგრავს ჩვენ, რომელიც ჩაგრავს ზაზა სარალიძეს და პრემიერ-მინისტრი იქნება ამ ადამიანებისთვის გარანტი, რომ ერთხელ და სამუდამოდ, მათთვის სამართალი დადგება და ეს ადამიანები თავს ამ ქვეყნის სრულ მოქალაქეებად იგრძნობენ”, -აღნიშნა ზვიად კუპრავამ. 

ზაზა სარალიძის თქმით, ის პრემიერისგან რეაგირებას ელოდება. 

„ეს არის მათი პირდაპირი ვალდებულება, რომ ეს საქმეები აუცილებლად გამოიძიონ და ყველა საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი განაჩენი უნდა დადგეს. ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენს ქვეყანაში შერჩევითი სამართალი უნდა მოისპოს, რომლის წინაშე მეც ვდგავარ და ყველა ამ საქმეში წარმოდგენილი პიროვნება“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ. 

რაც შეეხება, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის მოთხოვნას, ზაზა სარალიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პრემიერ-მინისტრი მასთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, ის ამისთვის მზად არის.

“არამარტო ამ საქმეებზე, არამედ ჩემს საქმეებზეც მინდა მასთან შეხვედრა და გასაუბრება, რა ეტაპზეა, რა მსვლელობებს აკეთებენ და რას ფიქრობენ”, - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.