ახალი რეგლამენტი აძლიერებს პარლამენტს, მას საზოგადოების საჭიროებებზე და ინტერესებზე უფრო მეტად მიმართავს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. მისივე განმარტებით, თამარ ჩუგოშვილთან ერთად მმართველმა გუნდმა დიდი სამუშაო გასწია, რომ ახალ რეგლამენტში ევროპული პარლამენტების საუკეთესო გამოცდილება ყოფილიყო ასახული. “ახალი რეგლამენტით პარლამენტში მკვიდრდება უფრო საქმიანი პოლიტიკა, რომელშიც თითოეული პარლამენტარის მონაწილეობა მნიშვნელოვანი და თვალსაჩინოა. ამ რეგლამენტით საქართველოს პარლამენტი შეძლებს მეტი გააკეთოს, უფრო აქტიურად განახორციელოს ზედამხედველობა და დაამუშავოს გადაწყვეტილებები. როგორც ყველა კარგ სიახლეს, შესაძლოა, ახალ რეგლამენტსაც გამოუჩნდნენ ოპონენტები, თუმცა ჩვენ მზად ვართ არგუმენტები გავუცვალოთ ყველას”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.