მინისტრთა კაბინეტში ახალ სახეებთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე დასრულდა

მინისტრთა კაბინეტში ახალ სახეებთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინეტში ახალ სახეებთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე დასრულდა.

როგორც მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს წარედგინება იმ ვადებში, როგორიც არის განსაზღვრული.

„საქართველოს პარლამენტში ჩვენ ვიხილავთ ახალ სამთავრობო გუნდს და იქ იქნება გვარები წარმოდგენილი თავის შესაბამისი პროგრამით”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ის აჟიოტაჟი, რაც მედიაში იყო, რეალობას არ შეესაბამება.

„არავითარი ახალი ინსტიტუტის დანერგვას ამ მიმართულებით არ ვაპირებთ. იქნებიან მინისტრის მოადგილეები, რომლებიც იქნებიან პასუხისმგებელნი შესაბამისი დარგების განვითარებაზე”, – აღნიშნა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ახალ სახეებთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე დასრულდა.

„გვქონდა ინტენსიური კონსულტაციები, როგორც ახალ სტრუქტურაზე, ასევე განვითარების პროგრამაზე და მათ შორის იმ ახალ სახეებზე, რომელიც საქართველოს მთავრობაში იქნება. კონსულტაციები ფაქტობრივად დასრულებულია”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.