ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში ამ ეტაპზე 33 პირია შეყვანილი, რომლებმაც 1991 წლიდან დღემდე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, წარგენილი სია ამომწურავი არ არის, რადგან სამართალდამცავები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ გამოძიებას და ეს სია ბუნებრივია, შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს.
„როგორც პარლამენტში დამტკიცების დროს დაგპირდით, ჩვენ პირველივე მთავრობის სხდომაზე წარმოვადგენდით მნიშვნელოვან საკითხს, მთავრობის დადგენილების პროექტს, რომელიც ეხება ჩვენთვის ძალიან მტკივნეულ და პრინციპულ საკითხს, შეძლება ითქვა ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენთაგანისთვის ღირსების საკითხს.
როგორც იცით, 21 მარტს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც არის მომზადებული მთავრობის დადგენილების პროექტი და განსაზღვრულია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია. ამ სიაში შეყვანილი არიან ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებიც მხილებული არიან ოკუპირებულ ტერიტორბზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ ისეთ უმძიმეს დანაშაულებებში, როგორებიცაა მკველობა, გატაცება, წამება და ამ დანაშაულთა დაფარვა. სიაში ჯერჯერობით შეყვანილია 33 კაცი, რომლებმაც 1991 წლიდან დღემდე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს. წარმოდგენილი სია ამომწურავი არ არის, რადგან სამართალდამცავი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ გამოძიებას და ეს სია ბუნებრივია, შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს“, – განაცხადა ბახტაძემ.
მისი თქმით, ამავე დროს, მთავრობამ განსაზღვრა ყველა ის ღონისძიება, რომელიც უნდა გატარდეს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შემავალი პირების მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ ყველა შესაძლო შეზღუდვის დასაწესებლად, სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად. ასევე, განსაზღვრულია აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები, რომლებმაც უნდა წარუდგინონ შესაბამისი ანგარიში საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას.