ფოთელების ერთი ნაწილი დღეს ნიკო ნიკოლაძის ძეგლთან შეიკრიბა და სოლიდარობა ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ერთად იმ მედიაორგანიზაციებსაც გამოუცხადეს, რომლებიც ბოლო პერიოდში ხელისუფლების ზეწოლას განიცდიან.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, „გლობალ ტივის“ მიმართ დაწყებული კამპანიის ლოგიკური გაგრძელება, „მაესტროს“ კუთვნილი სატელიტური ანტენების დაყადაღება იყო. აქციის მონაწილეებმა პირი აიკრეს, რაც მათი განცხადებით ხელისუფლების მხრიდან აზრის თავისუფლად გამოხატვის აკრძალვის სიმბოლური გამოხატულებაა.
მონაწილეების თქმით, ყოველგვარი ტრანსფარანტის გარეშე აქციის ჩატარების ორიგინალურობა იმაში მდგომარეობს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას, რაც არ სურს იმას არც კითხულობს, არც ხედავს და არც ისმენს.
აქციის მონაწილე არცერთი ადამიანი, მათი თქმით არ მიეკუთვნება რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, შესაბამისად, ისინი საზოგადოების წარმომადგენლებს და არა პოლიტიკოსებს გააქტიურებისკენ მოუწოდებენ, რათა ქვეყანაში დაცული იყოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.