ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს ბიძინა ივანიშვილის აქტიური მონაწილეობა ყველა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაში, რადგან ის პარტიის თავმჯდომარეა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა გაბუნიამ "ქართული ოცნების" ოფისთან საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„ჩვენ გვჭირდება პარტიის თავმჯდომარესთან შეთანხმება, კონსულტაცია, შეჯერება და ამ შეჯერებული პოზიციით გუნდი წარსდგება ერთიანი პოლიტიკით, საზოგადოების წინაშე", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
მისივე თქმით, იქნება თუ არა საკმარისი დღევანდელი შეხვედრა პოზიციების დაახლოებისთვის, ამის თქმა ახლა რთული იქნება.
"ის, რომ ამ ფორმატში პარტიის თავმჯდომარესთან იმართება შეხვედრა, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ საკითხს, ამ პოლიტიკას და საპარლამენტო უმრავლესობის კონსოლიდირებულ პოზიციას. რაც შეეხება პირად პოზიციას, ჩვენ გვაქვს მკაფიო დამოკიდებულება ნარკომომხმარებლების მიმართ, ეს არის ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკა, ყოველგვარი ძალადობა და რეპრესიული აქცენტები უნდა გამოირიცხოს. მაგრამ ასევე ნარკოპოლიტიკა საჭიროებს მკაფიო აქცენტებს და ხაზებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ნარკორეალიზაციას. ეს არის უაღრესად სახიფათო გამოწვევა ჩვენი სახელმწიფოსთვის და მას სჭირდება კონსოლიდირებული ბრძოლა", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.