დაუსჯელობა არის ის საფუძველი, რომელიც ქმნის პრობლემას და გვათქმევინებს, რომ ფასიშტური ჯგუფები მართულია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შს მინისტრ გიორგი გახარიას მოსმენისას განაცხადა.
„ადამიანებში განცდა, რომ კრიმინალის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა და კრიმინალს ვამარცხებთ, არ არსებობს. საფრთხის განცდა არის ძალიან დიდი. მეც მშობელი ვარ არასრულწლოვანი ბიჭის - გარემოსი მეშინია, რომელიც არ არის გადატეხილი. მეც ვნახე ის გავეშებული ადამიანები. ეს ადამიანი, რომელიც დღეს პოლიციას ასე ექაჩება, მერე არ ისჯება, საშიშია მთლიანად ძალადობრივი კლიმატისთვის და ნუ გვეტყვით, რომ უბრალოდ მშვიდობიანი მოქალაქები არიან“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მისივე თქმით, მან ვერ დაინახა შს მინისტრისგან მესიჯი, რომ პოლიციელებს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება აღარ გაუვათ. „ჩვენ გვაქვს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ტრადიცია, მათ შორის ჩემი გუნდის პასუხისმგებლობით - ამაზე ორი აზრი არ არსებობს. რით ვასწორებთ ჩვენ ამას?! რატომ არის „ბირჟა მაფიის“ საქმე ნიშანდობლივი?! პოლიციელს არ მოეწონა ახალგაზრდა ადამიანის სიმღერა, ჩაუდო ნარკოტიკი. ვინ არის დასჯილი ჩადებისთვის?! მე კონკრეტული პოლიციელის ანგარიშსწორება კი არ მინდა, მე მინდა გზავნილი ახალი მინისტრის, რომ არ გაგივათ სიმღერის გამო პატიოსანი ადამიანების დასჯა, რაც ვერ მოვისმინე“, - მიმართა ხოშტარიამ გახარიას.