ოთარ კახიძე: ძალის ლეგიტიმური გამოყენება არის სახელმწიფოს ექსკლუზივი

ოთარ კახიძე: ძალის ლეგიტიმური გამოყენება არის სახელმწიფოს ექსკლუზივი

ძალის ლეგიტიმური გამოყენება არის სახელმწიფოს ექსკლუზივი. როცა თქვენ ამ პრეროგატივას გადაულოცავთ ბრბოს და შავრაზმულ სიბნელეს, ამას შეეწირება მთლიანად სახელმწიფო და წესრიგი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

„არ შეიძლება შს სამინისტრო რეაგირებდეს ყოფილი პრემიერის ვაჟის Facebook-სტატუსებზე. „ბირჟა მაფიის“ საქმე მახსენდება, როდესაც ერთმა სტატუსმა მთლიანად შეცვალა პროკურატურისა და სასამართლოს პოზიცია და მეორე შემთხვევა, როდესაც რატომღაც დაემთხვა მის სტატუსს თქვენი სპეცოპერაცია. თუ კლუბებში არ იყვნენ შეიარაღებული პირები, არ შეიძლებოდა ავტომატური ცეცხლსასროლი შაშხანებით შეიარაღებული სპეცრაზმის გამოყენება, რადგან ძალიან მაღალი იყო რისკი; არ უნდა გაგეცათ მითითება, რომ კლუბის გარეთ მყოფი ახალგაზრდები დაეკავებინათ, თუ ისინი კანონს არ არღვევდნენ. ეს იყო უკანონობა, ისევე, როგორც უკანონობა იყო რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდების დაკავება“, - განაცხადა კახიძემ.

მისი თქმით, არ შეიძლება სამართალდამცავი და სამართალდამრღვევი ერთი მხარე და მოკავშირეები იყვნენ. „არ შეიძლება თქვენ ტოლობის ნიშანი დასვათ მოძალადეებსა და კანონიერი აქციის მონაწილეებს შორის. ფაშისტები და მათი მუქარის ადრესატები არ არიან მხარეები. თქვენ არ უნდა მიგეშვათ მოძალადეები აქციის მონაწილეებთან სახიფათო დისტანციაზე, რომ ამით შეგეშინებინათ ახალგაზრდები. იქ ორგანიზებული ხალხი კონტრაქციას კი არ მართავდა, ისინი ითხოვდნენ ძალადობის უფლებას და ღიად ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას. თქვენ ჯერ უნდა დაგეშალათ მოძალდეთა აქცია და მერე მისულიყავით კანონიერი შეკრების მონაწილეებთან, ვინაიდან ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. არ შეიძლება დაემორჩილოთ მოძალადე ჯგუფების მოწოდებას და საზოგადოებას დაანახოთ, რომ შს მინისტრი მათ ჭკუაზე დადიხართ. ძალის ლეგიტიმური გამოყენება არის სახელმწიფოს ექსკლუზივი. როცა სახელმწიფო, როცა თქვენ ამ პრეროგატივას გადაულოცავთ ბრბოს და შავრაზმულ სიბნელეს, ამას შეეწირება მთლიანად სახელმწიფო და მთლიანად წესრიგი. ეს არის ძალიან მარტივი სიმართლე, რომელიც მინდოდა ამ ეტაპზე გამეჟღერებინა“, - განაცხადა კახიძემ.