ჟენევის ფორმატის დონის აწევის შემთხვევაში შესაძლებელია ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე გარღვევის მოხდენა

ჟენევის ფორმატის დონის აწევის შემთხვევაში შესაძლებელია ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე გარღვევის მოხდენა

ჟენევის ფორმატის დონის აწევის შემთხვევაში, ჩვენი პარტნიორების ჩართულობით, იქ შესაძლებელია ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე გარღვევის მოხდენა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა. ჟურნალისტებს აინტერესებდათ, რას ფიქრობს პრემიერი საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრაზე, რასაც დღეს გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მისი თქმით, ამაზე ბევრჯერ უსაუბრია, მათ შორის პარლამენტში გამოსვლის დროსაც. პრემიერის აზრით, რა თქმა უნდა, კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. „ვფიქრობ, ჟენევის ფორმატი გამოსაყენებელია მაქსიმალურად. შესაძლებელია, რომ ჟენევის ფორმატის დონის აწევის შემთხვევაში, ჩვენი პარტნიორების ჩართულობით იქ მოხდეს ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე გარღვევა. მე ამის მჯერა, ამის რესურსს ვხედავ და ვფიქრობ, იმ წითელი ხაზების დაცვით, რომლებიც საქართველოს გააჩნია და ბუნებრივია ეს არის ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი სუვერენიტეტი, პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია. უბრალოდ, ამისთვის საჭიროა, მაქსიმალურად გამოყენებული იყოს ის ფორმატები, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

პრემიერი ფიქრობს, ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჟენევის ფორმატის რესურსის ბოლომდე გამოყენება. „ამაზე ბევრჯერ მისაუბრია და კიდევ ვამბობ - მინიმუმ მინისტრის დონეზე, შესაძლოა, უფრო მაღალ დონეზეც გაიმართოს ეს შეხვედრა. ამ ფორმატში არის აბსოლუტურად ყველა ის მოთამაშე, რომელთა ჩართულობითაც იმ პრობლემასა და იმ უდიდეს ტკივილში, რომელიც საქართველოს გააჩნია, შესაძლებელია პოზიტიური დინამიკის შექმნა“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.