რეფერირების სისტემა არ მუშაობს და 14 წლამდე ბავშვები საერთოდ უყურადღებოდ არიან დარჩენილი

რეფერირების სისტემა არ მუშაობს და 14 წლამდე ბავშვები საერთოდ უყურადღებოდ არიან დარჩენილი

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი არის სერიოზული პროგრესი, რამაც მნიშვნელოვნად დაარეგულირა ყველაფერი, რაც 14 წელს ზემოთ ასაკის არასრულწლოვნების დანაშაულებს ეხება, თუმცა 14 წლამდე ბავშვები სრულიად უყურადღებოდ არიან დარჩენილი, – ამის შესახებ პარლამენტში გამოსვლისას შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელმაც დეპუტატ ეკა ბესელიას კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, 14 წლის ზემოთ არასრულწლოვნებში რეციდივის პროცენტი არის დაბალი – დაახლოებით 9 პროცენტი, რაც ერთ-ერთი საუკეთესო ევროპული მაჩვენებელია.

„თუმცა ძალიან მძიმედ გვაქვს საქმე, რომელიც ეხება 14 წლამდე ასაკს, ახალგაზრდებიც ვითარდებიან, ეს ნიშა საკმაოდ კარგად არის დაჭერილი და ეს არის სერიოზული პრობლემა. 2010 წელს შექმნილი რეფერირების სისტემა უბრალოდ არ მუშაობს და 14 წლამდე ბავშვები არიან საერთოდ უყურადღებოდ დარჩენილი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, 14 წლამდე ბავშვებთან მუშაობა უპირველეს ყოვლისა, სკოლის და განათლების სისტემის საქმეა. ამასთან, სასწრაფოდ დასახვეწია რეფერირების სისტემა.

„ერთმნიშვნელოვნად სასწრაფოდ არის დასახვეწი რეფერირების სისტემა. 2010 წლის შემდეგ რეფერირების კომისია გავლილი აქვს დაახლოებით 35-36 ბავშვს, აქედან ნახევარი არის მშობლების მიმართვიანობით. ეს სისტემა არის დაშლილი და არ მუშაობს“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი განმარტებით, 14 წლამდე ბავშვებში დანაშაულთან მუშაობა და ამ დანაშაულის გამოსწორების ნაწილი არის სწორედ რეფერირების სისტემა, რომელიც პირველ რიგში, განათლების და ჯანდაცვის სამინისტროების, ხოლო შემდგომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა.

„ამიტომ, ვფიქრობ, აქ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.