ერთ-ერთ კლუბში ნარკოტიკის გაყიდვას ახორციელებდა დაცვის უფროსი, რაც პირდაპირ მიგვითითებს სისტემურ კავშირზე გამსაღებლებსა და კლუბს შორის

ერთ-ერთ კლუბში ნარკოტიკის გაყიდვას ახორციელებდა დაცვის უფროსი, რაც პირდაპირ მიგვითითებს სისტემურ კავშირზე გამსაღებლებსა და კლუბს შორის

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს 12 მაისს თბილისის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ისაუბრა.

გიორგი გახარიამ სპეცოპერაციაში მონაწილე პოლიციელებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, უფლებამოსილების გადამეტების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

„იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი მაგალითები იქნება წარმოდგენილი, ჩვენ ამაზე შესაბამისი რეაგირება გვექნება. ახლა რა უსწრებდა ამ ღონისძიებას წინ. ღონისძიებას უსწრებდა წინ სამთვიანი საგამოძიებო მოქმედებები, რომლის შედეგადაც ერთმნიშვნელოვნად ფაქტობრივი მასალებით იყო დადასტურებული, რომ ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვა კლუბებში მიმდინარეობდა სისტემური სახით. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს ჩვეულებრივ მოვლენას, როდესაც ჩვენ საკონტროლო შესყიდვების საფუძველზე და რამოდენიმე მაგალითს ამისას განახებთ, პირდაპირ ვადასტურებთ, რომ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტულ კლუბებში სისტემურად სხვადასხვა დროსა და რამოდენიმეჯერ ახორციელებდნენ ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვას, რაც პირდაპირ მიგვითითებს იმაზე, რომ ეს იყო დაგეგმილი მოვლენა. აქ შემიძლია გითხრათ, რომ საკონტროლო შესყიდვის ჩვენ გვაქვს დაფიქსირებული სასამართლოს განჩინებით 20-ზე მეტი კონკრეტული ფაქტი, როგორც კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე და მიმდებარე ტერიტორია არ ნიშნავს გვერდზე უბანში, კლუბის წინ მაგალითად ასევე კლუბის შიგნით”, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, არც ერთ კლუბში, სადაც სამართალდამცველებს არ ჰქონდათ დადასტურებული ინფორმაცია, რომ კლუბის შიგნით საკონტროლო შესყიდვები იყო, არანაირი ღონისძიება არ განუხორციელებიათ.

„ჩვენ გვაქვს გადაღებული და გაჩვენებთ ასეთ შემთხვევას, როდესაც კლუბის წინ შესასვლელთან ხვდება ორი ახალგაზრდა, ერთი გამოდის კლუბიდან, ისინი საუბრობენ გარკვეულ ყიდვა-გაყიდვის აქტზე, რომლის დროსაც ხდება შეთანხმება ფასზე. შემდგომ მყიდველი გადასცემს თანხას და ეუბნება, რომ ბოდიში არ მაქვს კონკრეტული თანხა და ხურდაზეა საუბარი. გამყიდველი იღებს ამ თანხას და ეუბნება, რომ ხურდას დაგიბრუნებ. კლუბში შედის ყველანაირი დაცვის ავლით, შემდგომ ამ კლუბიდან ბრუნდება, გადმოსცემს შესაბამის ნარკოტიკულ საშუალებასა და აბრუნებს ხურდას. ეს არის ერთ შემთხვევაა. მეორე შემთხვევაა, რომელიც პირდაპირ მიგვითითებს სისტემურ კავშირს ნარკოტიკის გამსაღებლებსა და კლუბს შორის, ეს გახლავთ ის, რომ როდესაც ერთ-ერთ კლუბში ნარკოტიკის გაყიდვას ახორციელებდა დაცვის უფროსი. ჩვეულებრივი ადმინისტრაციის წევრი. შესაბამისად ჩნდება კითხვა იმ შემთხვევაში როდესაც მსგავსი მტკიცებულებები გაგვაჩნია უნდა შევსულიყავით კლუბში თუ არა? მე მგონი აქ კითხვის ნიშნები არ გაგვაჩნია”, – აღნიშნა გახარიამ.

რაც შეეხება კლუბებში შესვლის ფორმას, მინისტრმა აღნიშნა, რომ ფორმაზე არსებობს რაიმე კითხვები, მზად არის უპასუხოს.

„გვაქვს შინაგანი რწმუნებულება იმაში, რომ მოვიქეცით სწორად და მოვიქეცით ჩვენი მოქალაქეების უფლებების მაქსიმალურად დაცვით. თუ ერთი ფაქტი მაინც უფლებამოსილების გადამეტების დაფიქსირდება, ჩვენ გვექნება ღია ტრანსფარენტული რეაქცია ამაზე”, – განაცხადა შს მინისტრმა.

გიორგი გახარიამ დეპუტატებს ვიდეო წარუდგინა, სადაც ნარკოტიკების შესყიდვის ფაქტი ფიქსირდებოდა.

„მეც მჯერა, რომ თქვენ სწორი წარმოადგენა გაქვთ პრობლემასთან დაკავშირებით, რა ხდებოდა კლუბებში, ისიც კარგად გესმით, რომ კლუბური ცხოვრებისა და მოდის წინააღმდეგი არ ვართ, თუმცა როდესაც გარკვეული სოციუმი გვიმტკიცებს, რომ ეს წარმოუდგენელია, კლუბებში ასეთ რამე არ ხდება და ჩვენ უბრალოდ გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ ეს ყველაფერი ხდება საკმაოდ ქაოტურად საკმაოდ ორგანიზებულად”, – განაცხადა მინისტრმა.