ყველანაირი ქონების ყველასთვის ერთ ლარად გადაცემა კი არ არის გასაპროტესტებელი, გასაპროტესტებელია იმ ადამიანისთვის გადაცემა, რომელიც ისედაც ფლობს საქართველოში აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი გაბაშვილმა განაცხადა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის საკრებულოდან აცნობეს, გაბაშვილი გამოეხმაურა უმრავლესობის კომენტარებს საპარკინგე ადგილის 1 ლარად გადაცემასთან დაკავშირებით.
„ეს საპარკინგე ადგილი, რომელზეც მაშინ აქ ერთი ამბავი იყო და ის საკითხი რომელიც დღეს აქ გამოდის, არის აბსოლუტურად სხვადასხვა საკითხი. არსებულ ბიზნესს შვიდვარსკვლავიანი სასტუმროსთვის, რომლის მფლობელი არის მილიარდერი, ერთ ლარად დაუმატეთ საპარკინგე ადგილი. კომერციულად გამართულ მომგებიან ბიზნესს, კომერციულ პროექტს მიეცით 1 ლარად 38 საპარკინგე ადგილი, რომლითაც, რა თქმა უნდა, ამავე სასტუმროს სტუმრები ისარგებლებენ, როგორც კი ეს ბიზნესი გაიხსნება. აქ კი სულ სხვა საკითხზეა საუბარი, ათეულ ასეულ საპარკინგე ადგილზე. ეხლა რაზეც ლაპარაკობთ, ის ბიზნესი თავისთავად არის პარკინგი, შესაბამისად, ყველანაირი ქონების ყველასთვის გადაცემა კი არ არის გასაპროტესტებელი ერთ ლარად, ერთ ლარად გადაცემა გასაპროტესტებელია ადამიანისთვის, რომელიც ისედაც ფლობს საქართველოში აღმასრულებელ ხელისუფლებას, საკანონმდებლო ხელისუფლებას, სასამართლო ხელისუფლებას, აქვს უდიდესი გავლენა ბიზნესზე, მედიაზე და ყველაფერზე. დარწმუნებული ვარ, ყოველივე ეს გესმით, მაგრამ აბსოლუტურად არასწორად შეფუთული მესიჯბოქსი გაქვთ“, - მიმართა გაბაშვილმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს.