შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ დადებითად აფასებს, თუმცა ამ თემის ირგვლივ პიარკამპანიის წარმოებას შეცდომად მიიჩნევს.
როგორც ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სამშვიდობო ინიციატივით განსაზღვრულ თემებზე მუშაობა, მათ შორის, კვიპროსის, მოლდოვასა და ტაივანის მაგალითების შესწავლა მისი მინისტრობის პერიოდშიც მიმდინარეობდა და კარგია, რომ პოლიტიკის მემკვიდრეობითობა შენარჩუნებულია.
„ჩემთვის პრინციპული იყო და მინისტრობამდეც ამას ვამბობდი, რომ საჭიროა ის უკანონოდ გაცემული დოკუმენტები, რომლებიც აფხაზებს და ოსებს ხელთ აქვთ, ვაქციოთ შიდა ქართულ დოკუმენტებად. ამ მიმართულებით იდგმება ნაბიჯი, რაც ძალიან კარგია. ეს საშუალებას მისცემს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, რომ ჩაერთონ სხვადასხვა პროექტში, გარდა ჯანდაცვისა. ჯანდაცვის თემამ კარგად აჩვენა, რომ ეს მუშაობს. ინიციატივა მნიშვნელოვანია განათლების და ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით. თავისთავად კარგი ინიციატივებია და კარგად გაწერილია“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
თუმცა, ზაქარეიშვილს შენიშვნები აქვს პიარკამპანის წარმოების გამო და მიიჩნევს, რომ ამით ინიციატივების ხორცშესხმის შესაძლებლობა თავიდანვე დაიბლოკა.
„როდესაც ჯანდაცვის პროგრამა წამოვიწყეთ, კაციშვილმა არაფერი იცოდა. ყოველ აფხაზზე, ყოველ ოსზე იყო მიმართული და არა აფხაზურ და ოსურ მხარეებზე. ჩვენ არ გვითქვამს, რომ ჩვენ ახლა ვიწყებთ აფხაზური და ოსური პასპორტების საფუძველზე ჯანდაცვას, არ გაგვიპიარებია და არ მოგვიპოვებია დასავლეთის მხარდაჭერა. თვითონ აფხაზებმა და ოსებმა დაიწყეს ამაზე ლაპარაკი. შეფუთვას გავაკრიტიკებდი. ეს უნდა მომხდარიყო შეპარვით და არა საჯაროდ, ინფორმაცია კი აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებში თავისთავად გავრცელდებოდა. ამ პიარკამპანიამ „ნაციონალური მოძრაობის“ სტილი გამახსენა. 2005 წელს კვირა არ გავიდოდა, რომ რაღაც ინიციატივა არ ყოფილიყო, თანაც ეს ჟღერდებოდა ვაშინგტონში, ბრიუსელში, სტრასბურგში, ხოლო აფხაზები და ოსები ბრაზდებოდნენ: ჩვენ რატომ არ გვითანხმებთო. სამწუხაროდ „დეჟავუ“ დამემრთა - დავინახე „ნაციონალური მოძრაობის“ სტილი, როცა ჩვენ ამას მსოფლიოს ვთავაზობთ, ამიტომ მეორე დღესვე ბლოკირება წამოვიდა და ჩაიკეტა აფხაზური და ოსური მხარე. მათ რაღაც უნდა ეპასუხათ - ან უნდა ეთქვათ, რომ ყოჩაღ, ქართველებო, რა კარგები ხართ ან უნდა ეთქვათ, რომ ეს მათთვის მიუღებელია. ასეთი პიარკამპანიებისას აპლოდისმენტები მოდის დასავლეთისგან, მაგრამ აფხაზები და ოსები ყოველთვის იკეტებიან. ამიტომ უნდა გქონდეს ელემენტარული გამოცდილება, რომ იცოდე, კარგი წამოწყება პირველ დღესვე დაიმარხება, თუ არასწორი ნაბიჯი გადადგი“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრის აზრით, ყველაფერი უნდა დაწყებულიყო საპარლამენტო განხილვებით, რაც ქართულ ენაზე მიმდინარე გრძელვადიანი პროცესია, ასეთ დროს კი აფხაზები და ოსები იბნევიან, არ იციან რა, როდის უპასუხონ.
„ბიზნესმენები, რომლებიც ითხოვდნენ ამ მიმართლებით ნაბიჯების გადადგმას, ახლა უკვე დე ფაქტო ხელისუფლებების განცხადებების მძევლები ხდებიან, ვინაიდან თუ ამ სიკეთეებს მიიღებენ, ითვლება, რომ ოფიციალურ აფხაზურ პოლიტიკას უპირისპირდებიან. ჩვენმა ნაბიჯებმა აიძულა ისინი უარეყოთ ჩვენი წინადადებები. ამიტომ მგონია, რომ ძალიან კარგ წინადადებებს, სამწუხაროდ, იგივე ბედი ელით, რაც ყველა იმ კარგს წინადადებას, რაც “ნაციონალურ მოძრაობას“ 2005 წელს ჰქონდა. დღეს ვერც კი შევედრებით ამ წინადადებებით სააკაშვილის ინიციატივებს, რომელიც ვიცე-პრეზიდენტის პოსტს სთავაზობდა აფხაზებს და ყოველ კვირა ახალი, ძალიან კარგი შეთავაზებებით გამოდიოდა. ეს მასთან შედარებით არაფერი არ არის, მაგრამ ომის შემდეგ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს, ესენია: გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისება, გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით; ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისათვის სხვადასხვა სიკეთეებსა და სარგებელზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, მათ შორის, ამ რეგიონის მცხოვრებთათვის იდენტიფიცირების ახალი ნეიტრალური შესაძლებლობის შექმნით, რაც პირადი ნომრით რეგისტრაციას გულისხმობს და მოქალაქეობის დადგენასთან დაკავშირებული არ არის.