“გირგვლიანის შესწორებების“ საპარლამენტო განხილვა დაიწყო. სისხლის სამართლის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები, რომლითაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევებზე მკაცრი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება, დღეს პირველი მოსმენით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა განიხილა.
ფრაქცია “ქართული ოცნების“ წარმომადგენლის ანრი ოხანაშვილის განმარტებით, კანონპროექტის მიზანია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ სისტემური დანაშაულის დროს ჩადენილი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის შემადგენლობის განსაზღვრა, მკაცრი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და პროპორციული სასჯელის დაწესება.
“ამით ხაზგასმულია სახელმწიფოს ნეგატიური და მკაცრი რეაქცია სისტემურ დანაშაულთან ბრძოლაში. აუცილებელია ასევე იმ პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრება, რომელიც უშუალოდ ასრულებს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის უკანონო ბრძანებას ან დავალებას სისტემური დანაშაულის დროს“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.