არ ვამბობ, რომ ფული გადაუხადეთ, თუმცა ვამბობ, რომ „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასება ტენდენციურია - რამ განაპირობა ეს? უპასუხისმგებლო დამოუკიდებლობა იყო, არასწორი ინფორმაციის წყარო ჰქონდათ თუ რა, ფაქტია, რომ ტენდენციური იყო,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა განაცხადა, რომელიც სხდომაზე „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშთან დაკავშირებით ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ „ფრიდომ ჰაუსს“ ამ ანგარიშის მიხედვით საქართველოს იმაზე უარესი ქულა არ აქვს მინიჭებული, ვიდრე 2012 წელს და მანამდე ჰქონდა. „ფრიდომ ჰაუსმაც“ კი, რომელსაც ეს კვლევა ტენდენციურად ჰქონდა წარმოდგენილი, ვერ შეძლო იმაზე ქვევით დაწევა, ვიდრე თქვენ იყავით თავის დროზე შეფასებული. ეს არის ფაქტი. კვლევის ტენდენციურობის ხარისხზე რეალურად რომ ვისაუბროთ, კონკრეტულ ციტატას მოვიყვან. ფრიდომ ჰაუსის ანგარიშის შეფასებაში წერია, რომ ზოგადად პრობლემა არ აქვს მშვიდობიან მანიფესტაციებს, თუმცა მიუხედავად ამისა, ბათუმის მანიფესტაციის დროს იყო არაპროპორციული ძალა გამოყენებული. წარმოგიდგენიათ?! ბათუმის მანიფესტაციებზეა საუბარი. ასევე ანგარიშში პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი და სააკაშვილის მსჯავრი, რომელიც სასამართლომ მიანიჭა, ფაქტიურად ერთი ერთში იმეორებს სტრასბურგის განაჩენის ფაბულას“, – განაცხადა დავითულიანმა.