სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ „დასავლეთი ერაყის ან ლიბიის სცენარით სირიაში ავანტიურას არ მოაწყობს“

სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ „დასავლეთი ერაყის ან ლიბიის სცენარით სირიაში ავანტიურას არ მოაწყობს“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ დასავლეთი ერაყის ან ლიბიის სცენარით სირიაში ავანტიურას არ მოაწყობს. 

„ღმერთმა გვაშოროს, რომ ავანტიურა არ გამეორდეს სირიაში ლიბიის ან ერაყის გამოცდილებით. ახლა, იმედს გამოვთქვამ, რომ ამგვარ ავანტიურას არავინ გაბედავს“, - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, თუნდაც უმნიშვნელო ექსცესები ევროპაში მიგრანტების ახალ ტალღას გამოიწვევს. 

სერგეი ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ სირიაში არასტაბილური სიტუაცია სხვა გამოვლინებებსაც გამოიწვევს, რაც არც რუსეთს და არც ევროპელ პარტნიორებს არ სჭირდებათ.

„ამ მოვლენებით გახარება მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც ოკეანეთი დაცულია და აქ თავიანთი გეოპოლიტიკური ინტერესების წინ წაწევას ცდილობენ“, - განაცხადა ლავროვმა. 

დონალდ ტრამპმა 9 აპრილს განაცხადა, რომ სირიაში ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე ასადის რეჟიმს 48 საათის განმავლობაში სერიოზულ პასუხს გასცემს. თავის მხრივ, ლიბანში რუსეთის ელჩმა ალექსანდრე ზასიპკინმა განაცხადა, რომ რუსეთი სირიის მიმართულებით გაშვებულ ამერიკულ რაკეტებს ჩამოაგდებს და დაარტყამს იმ წერტილებს, საიდანაც ეს რაკეტები იქნება გაშვებული. აღნიშნულის საპასუხოდ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა, რომ სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს.