უცხოური მედია სირიაში აშშ-ის რვა პოტენციურ სამიზნეს ასახელებს

უცხოური მედია სირიაში აშშ-ის რვა პოტენციურ სამიზნეს ასახელებს

სირიაში აშშ-ის რვა პოტენციური სამიზნე დასახელდა. ტელეკომპანია CNBC საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ სამიზნე შეიძლება გახდეს ორი სამხედრო ავიაბაზა, საკვლევი ცენტრი და საწარმოები, სადაც აშშ-ის ინფორმაციით, ქიმიურ იარაღს ამზადებენ.

რომელ რაიონებში მდებარეობს ეს ობიექტები, არ სახელდება. ტელეკომპანიის წყარო ამბობს, რომ სირიის სამთავრობო არმიის სარდლობამ სამხედრო თვითმფრინავები იმ აეროდრომებზე განალაგა, სადაც რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალებია ბაზირებული.

სირიელები იმედოვნებენ, რომ აშშ-ის რუსულ ობიექტებს არ დაბომბავს. თეთრი სახლის ინფორმაციით, საპასუხო ზომების მისაღებად აშშ-ის პრეზიდენტი სადაზვერვო მონაცემებს სწავლობს.

7 აპრილს აღმოსავლეთ ღუტაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა ორგანიზაციამ, მათ შორის „თეთრმა ჩაფხუტებმა“ გაავრცელეს. აშშ-მა პასუხისმგებლობა სირიასა და რუსეთს დააკისრა და დაბომბვით დაემუქრა.