აშშ მიესალმება საქართველოს მიერ მიღებულ შეთავაზებების პაკეტს, რომლის მიზანია აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესება

აშშ მიესალმება საქართველოს მიერ მიღებულ შეთავაზებების პაკეტს, რომლის მიზანია აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესება

ეუთო-ში აშშ-ს მისია ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე მსჯელობას გამოეხმაურა. 

„აშშ მიესალმება საქართველოს მიერ მიღებულ შეთავაზებების პაკეტს, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესება. აღნიშნული ზომები უზრუნველყოფენ მზარდ შესაძლებლობებს ვაჭრობისთვის, მობილურობისთვის და განათლებაზე ხელმისაწვდომობისთვის“, - ნათქვამია ეუთო-ში აშშ-ს მისიის განცხადებაში. 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ მხარს უჭერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატს.

„ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 43-ე რაუნდზე, რომელიც 27-28 მარტს გაიმართა, აშშ-მ საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული სიკვდილი დაგმო. აშშ-ს დელეგაციამ აღნიშნული ფაქტის სრული და გამჭვირვალე გამოძიება მოითხოვა“, - ნათქვამია განცხადებაში. 

ეუთო-ში აშშ-ს მისიის განცხადებით, თითქმის ათი წლის განმავლობაში რუსეთი ცდილობს ალტერნატიული რეალობა შექმნას.

„მაშინ როდესაც საქართველო ცდილობს აფხაზეთში და „სამხრეთ ოსეთში“ მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობები შესთავაზოს, რუსეთი ურთიერთობებს ინარჩუნებს ორ ფიქციურ ქვეყანასთან, რათა მეზობელი სახელმწიფოს რეგიონების ოკუპირება მოახდინოს. ჩვენ განვაგრძობთ მუდმივი საბჭოსა და სხვა ფორუმების გამოყენებას, რათა რუსეთს პასუხი ვაგებინოთ საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის და წარმოვაჩინოთ რუსეთის მიერ ისტორიის გადაწერის მცდელობა. აშშ მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ძალები 2008 წლის ომამდე არსებულ პოზიციებზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად და უკან წაიღოს საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

გუშინ, ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე საქართველოს საკითხზე მსჯელობა გაიმართა. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა. მან ეუთო-ს 57 მონაწილე ქვეყანას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობასა და საქართველოს მთავრობის პოლიტიკაზე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით.