მაიკ პომპეო:  აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთის შეკავებას განაგრძობს

მაიკ პომპეო: აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთის შეკავებას განაგრძობს

აშშ-ის ადმინისტრაცია განაგრძობს რუსეთის შეკავებას, – ამ განცხადების ავტორი სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი, ამჟამად ცენტრალური სააგენტოს დირექტორი, მაიკ პომპეოა, რომელიც ამ წუთებში სენატში მოსმენაზე იმყოფება.

„ჩემი დამტკიცების შემთხვევაში, ეს ადმინისტრაცია განაგრძობს ძალისხმევას, რუსეთის ფედერაციის შეკავება აღადგინოს. რუსეთი აგრესიულად მოქმედებას განაგრძობს, რასაც ხელი შეუწყო მის მიმართ წლების განმავლობაში რბილმა პოლიტიკამ”, -აცხადებს დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ხელმძღვანელი.

რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, მაიკ პომპეო მიიჩნევს, რომ ვაშინგტონს კიდევ ბევრი სამუშაო აქვს ამ მიმართულებით. სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე საუბრისას ხაზს უსვამს აშშ-ის ბირთვულ დოქტრინას, სადაც ეს საკითხი მკაფიოდ არის გაწერილი.

ჩრდილოეთ კორეაზე საუბრისას, მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ მას არასდროს გამოუთქვამს მხარდაჭერა ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის ცვლილებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება აშშ-ის მიზანს, მომავალი სახელმწიფო მდივნის თქმით, პირველ რიგში ეს ფხენიანის მიერ ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმაა.

ირანი კიდევ ერთი საკითხია, რაზეც მაიკ პომპეომ ისაუბრა. მისი თქმით, აშშ თეირანთან ურთიერთობისას აპირებს გამოიყენოს დიპლომატია და არა სამხედრო მეთოდები. პომპეო აღნიშნავს, რომ ირანი ბირთვული შეთანხმებიდან მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს იღებს, სწორედ ამიტომ თეირანის ინტერესებშია ამ შეთანხმების შენარჩუნება.

მაიკ პომპეოს კანდიდატურას ჯერ სენატის საერთაშორისო საქმეების კომიტეტმა უნდა დაუჭიროს მხარი, რის შემდეგაც უკვე კენჭს სენატის მთელი შემადგენლობა უყრის.