დასანანია, რომ „ფრიდომ ჰაუსის

დასანანია, რომ „ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშში „იმედისა“, და „მაესტროს“ საქმიანობა არ არის სწორად შეფასებული

„იმედის“ ჰოლდინგი საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშს ეხმაურება, რომელიც მედიის თავისუფლების ნაწილში გაუარესებას ეხება.

“იმედის” ჰოლდინგში გამაოგნებელს უწოდებენ “ფრიდომ ჰაუსის” მიერ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას.

„გამაოგნებელია მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის მიერ ასეთი ტიპის არასწორი ინფორმაციის გავრცელება. შევახსენებთ „ფრიდომ ჰაუსს“ – რომ 2007 წლის ნოემბრიდან – 2012 წლის ბოლომდე „იმედი“ არა თუ კონტროლდებოდა და შესაბამისად არ იყო კრიტიკული მართველი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, არამედ უშუალოდ მათ მფლობელობაში იმყოფებოდა, რასაც წინ უძღოდა შეირაღებული თავდასხმა და ფიზიკური ტერორი ჩვენი ტელეკომპანიის ჟურნალისტებზე”, – აცხადებენ ჰოლდინგში.

მათივე განცხადებით, დასანანია, რომ ტელეკომპანია „იმედი“, როგორც ქვეყნის ყველაზე რეიტინგული არხი და „მაესტრო“, რომლის ფორმატიც ღია, 24-საათიან საინფორმაციო არხად ჩამოყალიბდა, არ არის სწორად შეფასებული.

“ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩვენ არ ვართ კრიტიკულები ხელისუფლების მიმართ. დიახ, ჩვენ არ ვართ პარტიულ/ოპოზიციური ტელევიზია, ჩვენ უბრალოდ ვაშუქებთ მოვლენებს ისე, როგორც ეს არის და ვაძლევთ ტრიბუნას ყველას, ვინც მოვლენებში მონაწილეობს. მხოლოდ ასე, დღითიდღე ვზრდით მაყურებელთა ნდობას ჩვენს მიმართ, რომელიც ჩვენი არხის ჟურნალისტების და პროდიუსერების დამსახურებით დღეს გვაქვს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში, ამ მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციის ანგარიში სწორად ასახავს ქვეყანაში მედიათავისუფლების ხარისხს, რისთვისაც ორგანიზაცია გამონახავს უფრო მაღალი კომპეტენციის თანამშრომლებს და კვლავ იქნება მედიათავისუფლების სადარაჯოზე, რაც ჩვენი მწარე გამოცდილებით ესოდენ მნიშვნელოვანია გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნისათვის”, – აცხადებენ ჰოლდინგში.

ანგარიშში, სადაც “იმედზეა” საუბარი წერია:„ტელეკომპანიები „მაესტრო“ და „იმედი“ მმართველი გუნდის, „ნაციონალური მოძრაობის“, მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ კი მათ სარედაქციო პოლიტიკა მმართველი პარტიის სასარგებლოდ შეცვალეს“.