Freedom House-ი კარგად უნდა დაფიქრდეს როდესაც ასეთ არაობიექტურ ინფორმაციას და შეფასებებს ავრცელებს

Freedom House-ი კარგად უნდა დაფიქრდეს როდესაც ასეთ არაობიექტურ ინფორმაციას და შეფასებებს ავრცელებს

Freedom House-ი კარგად უნდა დაფიქრდეს როდესაც ასეთ არაობიექტურ ინფორმაციას და შეფასებებს ავრცელებს საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხარისხთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა Freedom House-ის კრიტიკული ანგარიშის შეფასებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, 2012 წლის შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, დამკვიდრდა სრულიად სხვა ხარისხში აყვანილი დემოკრატია. 

პრემიერის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში არაობიექტურია. 

"2012 წლის შემდეგ "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ხელისუფლებაში მოვიდა და მას შემდეგ შეიცვალა რამდენიმე პრემიერი, მაგრამ მთავარი ტენდენცია, რომელიც ქვეყანაში დამკვიდრდა, დემოკრატიის სრულიად სხვა ხარისხში აყვანაა. ეს არის მედიათავისუფლების სრულიად სხვა დონე, ასევე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური არასამთავრობო სექტორი, ეს არის ადამიანის უფლებების დარგში თვისობრივად განსხვავებული სიტუაცია, მარტო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 2010-2011 წლებში იყო 350-დან 400-მდე საჩივარი წელიწადში. წელს ეს რიცხვი არის 70-ს ქვემოთ, რაც ჩემი აზრით, უდიდესი პროგრესია, თუმცა არა თვითკმაყოფილების საბაბი და ჩვენ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი იმისთვის, რომ მართლაც ევროპული დემოკრატია შევქმნათ. შესაბამისად Freedom House-ის შეფასება უკიდურესად არაობიექტური და აბსოლუტურად დაუბალანსებელ ინფორმაციაზეა დაყრდნობილი. მე ვფიქრობ, Freedom House-ი კარგად უნდა დაფიქრდეს, როცა ასეთ არაობიექტურ ინფორმაციას და შეფასებებს ავრცელებს საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხარისხთან დაკავშირებით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ უერთდება პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებებს ამ საკითხთან დაკავშირებით.

Freedom House -მა გარდამავალ ეტაპზე მყოფ სახელმწიფოებთან დაკავშირებით მორიგი ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი. 

ანგარიშის თანახმად, საქართველო გარდამავალი მთავრობის ან ჰიბრიდული რეჟიმის კლასიფიკაციაშია. დემოკრატიის მაჩვენებლით, საქართველოს 2018 წლის ანგარიშში 4,68 ქულა აქვს (1 ქულა ნიშნავს ყველაზე დემოკრატიულს, ხოლო 7 კი ნაკლებად დემოკრატიულს). შესაბამისად, საქართველოს პოზიციები შარშანდელთან შედარებთ გაუარესდა, ვინაიდან 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს დემოკრატიული მაჩვენებლის კუთხით 4,61 ქულა ჰქონდა. 

ანგარიშის თანახმად, საქართველოს მაჩვენებლები გაუარესდა თავისუფალი მედიისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით.