დამრჩა შთაბეჭდილება, რომ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, ფაქტებისგან შორს მდგომი და ძალიან ტენდენციურია

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, ფაქტებისგან შორს მდგომი და ძალიან ტენდენციურია

Freedom House-ის დასკვნა გავეცანი და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, ფაქტებისგან შორს მდგომი და ძალიან ტენდენციური დასკვნაა, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა Freedom House-ის დასკვნის შეფასებისას განაცხადა. 

სოზარ სუბარი ანგარიშში არსებულ მედიის კომპონენტის გაუარესების საკითხსაც გამოეხმაურა.

„არ ვიცი, რითაა გამოწვეული ამ ორგანიზაციის მიერ ასეთი დასკვნების გაკეთება, მაგრამ, იმდენად ტენდენციურია, რომ მგონი, აზრიც არ აქვს კომენტარების გაკეთებას. 

როცა ვლაპარაკობთ მედიის გაუარესებაზე, ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს შარშან მოხდა „იმედში“ შეჭრა, შარშან დავუშინეთ ტყვიები „იბერიას“. „რუსთავი 2“-ის საქმეზე ხდება ის, რომ პირველი დავა იყო ყოფილ და დღევანდელ მესაკუთრეებს შორის, რაც გაგრძელდა მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულ - ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. ძალიან მიხარია, რომ ევროსასამართლოში წავიდა საქმე იმიტომ, რომ თუ ევროსასამართლო მიიღებს ერთ გადაწყვეტილებას, ეს იქნება ყველასთვის სანდო თუ მიიღებს მეორე გადაწყვეტილებას, ასევე იქნება ყველასთვის სანდო“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

რაც შეეხება Freedom House-ის ანგარიშში არსებულ სიტყვებს - „პოლიტიკური ვენდეტა“, სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ ეს ფრაზა აბსურდული და შეუსაბამოა. 

„მე შემეძლო ძალიან დაწვრილებით მელაპარაკა მუხთარლის საქმეზე, იმიტომ, რომ ეს არის მტკივნეული საკითხი, მაგრამ როდესაც ასეთ თემებზე არის საუბარი, ასეთი ტერმინოლოგია არის გამოყენებული, აბსურდული და და აბსოლუტურად არაფერთან შესაბამისი, როგორიც არის „პოლიტიკური ვენდეტა“ და სხვა, არანაირი სურვილი არ მაქვს, რაიმე სერიოზულ და მართლა მტკივნეულ თემაზეც გავაკეთო კომენტარი, თუ საუბარია Freedom House-ის ამ კონკრეტულ ანგარიშზე. სხვა დროს მზად ვარ ვილაპარაკო იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენს წინაშე დგას - იგივე მუხთარლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ოღონდ არა ამ კონტექსტში, იმდენად არასერიოზულია ეს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.