ყველაზე დიდი პრორუსული ძალა, რაც ბოლშევიკური პარტიის შემდეგ საქართველოში ყოფილა, “ნაციონალური მოძრაობაა“, თავისი განაყოფებით, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
რაც შეეხება რუსული პროპაგანდის გავრცელების წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტის შემუშავებაზე “ევროპული საქართველოს” ინიციატივას, სოზარ სუბარის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ეთანხმება მოსაზრებას, რომ პრორუსულ ძალებთან თუ ფონდებთან დაკავშირებით საკმაოდ მკაცრი რეგულაციები უნდა არსებობდეს.
„თუ ჩემი პირადი, სუბიექტური მოსაზრება გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ყველაზე დიდი პრორუსული ძალა, რაც საქართველოში ყოფილა ბოლშევიკური პარტიის შემდეგ, არის „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ყველა განაყოფით, რომელმაც მისცა რუსეთს საშუალება განეხორციელებინა აგრესია და ეღიარებინა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ვითომ დამოუკიდებლობა“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
“ევროპული საქართველო” რუსული პროპაგანდის გავრცელების წინააღმდეგ სპეციალური საკანონმდებლო პაკეტის შემუშავების ინიციატივით გამოდის. დღეს პარტიის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძემ პროდასავლურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების პროცესში ჩართვა შესთავაზა.
სერგი კაპანაძის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი მიზანი უნდა იყოს რუსული პროპაგანდის გამავრცელებელი მედიასაშუალებებისათვის დაფინანსების შეზღუდვა და ასევე რუსული მაუწყებლობის შეზღუდვა.