შუა აღმოსავლეთში შექმნილმა პირქუშმა სურათმა არ უნდა დაჩრდილოს ის რეალობა, რომ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია

შუა აღმოსავლეთში შექმნილმა პირქუშმა სურათმა არ უნდა დაჩრდილოს ის რეალობა, რომ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია

შუა აღმოსავლეთში შექმნილმა პირქუშმა სურათმა არ უნდა დაჩრდილოს ის რეალობა, რომ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია,- ამის შესახებ სტატიას თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ჟურნალ „ფორეინ პოლისში“ აქვეყნებს. 

მისი თქმით, ეს ნიშნავს, Daesh-ის (ე. წ. ისლამური ხალიფატი), ქურთ მუშათა პარტიის (PKK) და ხალხთა დაცვის კავშირის (YPG) ტერორისტების ჩათვლით, ყველა იმ ძალის წინააღმდეგ გალაშქრებას, რომლებიც არსებობენ გარეშე ძალების მხარდაჭერით იმისათვის, რომ სხვების ხარჯზე გაიხანგრძლივონ საკუთარი დისტოპია. 

ჩავუშოღლუს სტატიას, რომელიც „ინტერპრესნიუსს“ თურქეთის საელჩოდან აცნობეს, უცვლელად გთავაზობთ: 

„შუა აღმოსავლეთში შექმნილმა პირქუშმა სურათმა არ უნდა დაჩრდილოს ის რეალობა, რომ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია. მშვიდობის ფუნდამენტური პრინციპი, კი უნდა იყოს სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის დაცვა. ეს ნიშნავს, Daesh-ის (ე. წ. „ისლამური ხალიფატი“), ქურთ მუშათა პარტიის (PKK) და ხალხთა დაცვის კავშირის (YPG) ტერორისტების ჩათვლით, ყველა იმ ძალის წინააღმდეგ გალაშქრებას, რომლებიც არსებობენ გარეშე ძალების მხარდაჭერით იმისათვის, რომ სხვების ხარჯზე გაიხანგრძლივონ საკუთარი დისტოპია. უნდა აღიკვეთოს და დამარცხდეს მათი მსოფმხედველობა უსასრულო სისხლისღვრის შესახებ. 

Daesh-ი, სამხედრო თვალსაზრისით, დიდწილად დამარცხებულია, მაგრამ ეს არ მომხდარა მხოლოდ აშშ-ს მიერ გაწვრთნილი და შეიარაღებული ჯგუფების ბოლო შეტევის შედეგად. იგი დამარცხდა, თავდადებული ერაყის არმიისა და გაერთიანებული კოალიციის წინაშე, რომელიც ოპერირებდა თურქეთის ტერიტორიიდან. Daesh-ის სუსტი მხარეები ნათლად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც თურქეთი აღმოჩნდა ერთადერთი ნატოს წევრი ქვეყანა, რომლის ჯარიც უშუალოდ დაუპირისპირდა მას და გაანადგურა იგი ჩრდ. სირიაში, ჯერაბლუსში. ამჟამად, კოალიციისა და მისი წევრი თურქეთის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ მოხდეს Daesh-ის სავარაუდო ხელახალი გადაჯგუფების პრევენცია. ამისთვის, თურქეთს გააჩნია უცხოელი ტერორისტი მებრძოლების ყველაზე ვრცელი სია, რომლებსაც აკრძალული აქვთ ქვეყანაში შესვლა. ასევე, იგი აწარმოებს მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიან სამოქალაქო უსაფრთხოების ოპერაციას Daesh-ის წინააღმდეგ. 

Daesh-ის, ალ ქაიდასა და მათთან აფილირებული სხვა ორგანიზაციების იდეოლოგიებისადმი ინტერესის გაქრობა იოლი არაა. Daesh-ამდეც მომხდარა ჩვენს ქუჩებში ტერაქტები და ამგვარი ქმედებები კვლავაც გაგრძელდება, შუა აღმოსავლეთში Daesh-ის შეიარაღებული ოპერაციებისგან დამოუკიდებლად. ტერიროზმის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს: კონტრდაზვერვითი ინფორმაციის დროულ შეგროვებას, ფინანსურ სანქციებს, რეკრუტირებისა და რადიკალიზაციის საწინააღმდეგო ზომებს. 

ამერიკის შეერთებულ შტატებთან უთანხმოების ერთ-ერთი საკითხია, აშშ-ს მიერ PKK/YPG-ს შეიარაღებისა და ჯარისკაცებად გამოყენების პოლიტიკა, მიუხედავად ამ ორგანიზაციების ტერორისტული წარსულისა. ეს ობამას ადმინისტრაციის უკანასკნელი დღეების განმავლობაში შემუშავებული, ლეგალური და მორალური თვალსაზრისით სათუო პოლიტიკაა, რომელიც რაღაცნაირად გადმოჰყვა ტრამპის მმართველობასაც. შეერთებულმა შტატებმა წყალი დაასხა კრიტიკოსებისა და ოპონენტების წისქვილზე, როდესაც გადაწყვიტა შეექმნა ალიანსი ტერორისტებთან, მიუხედავად საკუთარი ფასეულობებისა და ტერორისტების მთავარ სამიზნესთან - თურქეთთან, 66 წლიანი მოკავშირეობის გამოცდილებისა. 

მოხარული ვარ, რომ ნატო-ს მოკავშირეები გაემიჯნენ აშშ-ს ამ პოლიტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ალიანსის ფასეულობებს. იგი ასევე ეწინააღმდეგება რეგიონში და რეგიონის მიღმა ჩვენ საერთო ინტერესებს. ვიმედოვნებ, რომ ჩემი ახლად დანიშნული კოლეგისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრ მაიკ პომპეოსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ ჯონ ბოლტონისთვის პრიორიტეტული იქნება ამ კურსის შეცვლა. 

ერაყი, სირია, იემენი, ლიბია და შუა აღმოსავლეთის სხვა ქვეყნები განიცდიან ტრანსნაციონალური ძალების დესტრუქციულ ზეწოლას, რომელიც ემუქრება მათ არსებობას. ის სირთულეები, რომლის წინაშეს ეს ქვეყნები დგანან, აძლევს ყოველგვარი ინტერვენციის საბაბსაც და საშუალებასაც, ყველა ჯურის ქვეყანასა და არასახელმწიფოებრივ მოთამაშეს. ამის შედეგია, არა მხოლოდ სისხლის მდინარეები, არამედ მასობრივი მიგრაცია და ტერორისტული ზეწოლა თურქეთსა და მის კარის მეზობელზე - ევროპის დანარჩენ ნაწილზე. ამავე დროს, ამ ქვეყნებში შექმნილი ქაოსი თამაშობს ინკუბატორის როლს და აღვივებს აშშ-ს წინააღმდეგ სიძულვილსა და მუქარებს. შუა აღმოსავლეთის მდგრადმა ნაციონალურმა სახელმწიფოებმა უნდა შექმნან ნებისმიერი წყობისა და სტაბილურობის საფუძველი. საბოლოოდ, ბაშარ ასადის მსოფლმხედველობა დამარცხდება, მაგრამ ერთიანმა სირიამ უნდა მოიპოვოს გამარჯვება, ამ ხანგრძლივ ომში. 

უპირველეს ყოვლისა, თურქეთის მიერ სირიაში განხორციელებული „ზეთისხილის სამხედრო ოპერაცია“, თავდაცვითი აქტია ტერორისტული თავდასხმების წინააღმდეგ, რომლებმაც ადრევე გამოამჟღავნეს საკუთარი აგრესია ჩვენი დასახლებული რეგიონების მიმართ. თურქეთი, რომელმაც შეიფარა 3,5 მილიონი სირიელი, ახორციელებს რა „ზეთისხილის ოპერაციას“, მიზნად ისახავს, სირიის სამშვიდობო გზის გაწმენდას იმ წინაღობებისგან, რომლებსაც ქმნიან ქვეყნის ერთიანი მომავლის მოწინააღმდეგეები. ჩვენი საზღვრების გასწვრივ არსებული PKK/YPG-ს მასობრივი ტერორისტული ბანაკები, ორ განსხვავებულ მიზანს ემსახურება. პირველი, ჩრდილოეთ ერაში უკვე არსებულის გარდა, დამატებითი ფრონტის გახსნა PKK-ს ტერორისტული ოპერაციებისათვის და მათი ერთმანეთთან დაკავშირება, რათა შეიქმნას მუდმივმოქმედი ტერორისტული სარტყელი. ის შეიარაღება და სამხედრო ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩვენ ამოვიღეთ აფრინში, ნათლად ადასტურებს ამ მოსაზრებას. ტერორისტული ბანაკების მეორე მიზანია, შექმნას უსაფრთხო ტერიტორია საკუთრი მცირე სახელმწიფოებისათვის, რომლის ჩამოყალიბებასაც ისინი აპირებენ სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე იმ რეგიონებში, რომლებიც გათავისუფლდნენ Daesh-სგან. „ზეთისხილის ოპერაცია“ აჩერებს ფართომასშტაბიან ომში ჩაფლობისა და ტერორიზმის აღზევების საფრთხეს, რაც უშუალოდ დააზარალებს ევროპასა და აშშ-ს. ასევე, იგი გზას უხსნის მშვიდობას. 

მე მესმის, რომ პოსტრეალისტურ ეპოქაში გახსნილია ფართო კამპანია „ზეთისხილის ოპერაციის“ დაჩრდილვის მიზნით. ერთი დღეც არ გავა ისე, რომ შეხება არ მოგვიხდეს უამრავ ცილისწამებასთან. სინამდვილე, კი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ყველა ღონეს მივმართავთ სამოქალაქო დანაკარგის თავიდან ასაცილებლად და ამ თვალსაზრისით, „ზეთისხილის ოპერაცია“ ყველაზე წარმატებულია მთელს მსოფლიოში. 

ვინაიდან, YPG-ს ტერორისტები ფოკუსირებული არიან თურქეთის არმიის წინსვლის შეჩერებაზე, ისმის ბრალდებები, რომ ოპერაცია აფერხებს Daesh-ის წინააღმდეგ ბრძოლას. მე ვფიქრობ, რომ YPG-ს ეს არჩვანი ადასტურებს მათთვის ნდობის გამოცხადების სტრატეგიის მცდარობას. გარწმუნებთ, რომ თურქეთი არ დაუშვებს Daesh-ის რაიმე ფორმით თავიდან გადაჯგუფებას და ამ საკითხში, იმოქმედებს აშშ-სთან ერთად. 

ჩვენ ასევე, უნდა წინ აღვუდგეთ „ზეთისხილის ოპერაციის“ ისეთი სახით წარმოჩინებას, თითქოს ეს იყოს „ქურთების ბრძოლა თურქების წინააღმდეგ“. უნდა ნათლად გვესმოდეს, რომ PKK-სა და YPG-ს ტერორისტები არ წარმოადგენენ ქურთ ხალხს. აღსანიშნავია, რომ YPG-მ დაახლოებით 400 000 ქურთი გააძევა სირიის მათ მიერ დაპყრობილი ტერიტორიებიდან. თურქეთს სურს, რომ მშვიდობა და კეთილდღეობა იყოს ქურთების საცხოვრებელი გარემო იმ ქვეყნებში, სადაც მათ უწევთ ცხოვრება. PKK-ს მიკრონაციონალიზმი და ტერორიზმი საზიანოა ყველასთვის, მათ შორის ქურთებისთვისაც. 

ასევე, ანალოგიურად მნიშვნელოვანია, რომ ვიპოვით შუა აღმოსავლეთის განვითარების პროცესისკენ მიმავალი გზა. აქედან გამომდინარე, არსებული კონსტიტუციური წყობის ფარგლებში, მშვიდობიანი, სტაბილური, განვითარებული ერაყი უნდა იყოს რეგიონის მნიშვნელოვანი ღერძი. თებერვლის თვეში, კუვეიტის დონორების კონფერენციაზე საერთაშორისო საზოგადოებამ საფუძველი ჩაუყარა ამ პროცესს, რადგან მიიღო ერაყისთვის 30 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფის გადაწყვეტილება, ხოლო თურქეთი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ამ თანხის 1/6-ს, მაგრამ ერაყს ესაჭიროება უფრო მეტი დახმარება. მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგას, რომ კარგად გააცნობიერონ, თუ რაოდენ სასარგებლოა ჯანსაღი და მეგობრული ერაყი და მშვიდობის დასამყარებლად, მხარი დაუჭირონ რეკონსტრუქციის ეფექტურ და არსებით ძალისხმევას, ისეთს, როგორიც იყო „მარშალის გეგმა“ ევროპისთვის. 

შუა აღმოსავლეთი უნდა იყოს დაცული კონფესიური დაპირისპირების, გავლენის სფეროების, ახლად აღორძინებული იმპერიალიზმების, სამეფო ოჯახების შუღლის, რელიგიური და სხვაგარი ექსტრემიზმის საფრთხეებისგან. შექმნილი მდგომარეობიდან უკვე საკმარისი ტკივილი მიადგათ სახელმწიფოებსა და რეგიონის ხალხებს. შესაძლოა, წარმატებული მომავლის საგზაო რუკა უკვე დგება თურქეთის მტკიცე ხელმძღვანელობით. ვიმედოვნებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ხელიდან არ გაუშვებს ამ მომენტს და მხარს დაუჭერს სამშვიდობო კონცეფციას“, - ნათქვამია სტატიაში.