დღეს არსაიდან გასვლას არ ვაპირებთ - რა იქნება მომავალში, ამას დრო გვაჩვენებს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციის “ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ გია ჟორჟოლიანმა განუცხადა.
როგორც ჟორჟოლიანმა განმარტა, “სოციალ–დემოკრატებს“ მთელ რიგ პროგრამულ და პლატფორმულ საკითხებზე აქვს “ქართული ოცნებისაგან“ განსხვავებული პოზიციები, თუმცა სადღეისოდ უმრავლესობიდან გასვლის საჭიროებას ვერ ხედავს.
“ჩვენი საკითხი საკმაოდ გარკვეულია. ვითარება ასეთია: - ჩვენ გვაქვს ჩვენი პლატფორმა, ჩვენი პროგრამა. ეს გამოქვეყნებულია, მათ შორის პარლამენტის ვებ-გვერდზე. ჩვენი პროგრამა მნიშვნელოვან რაღაცეებში “ქართული ოცნების“ პლატფორმისაგან განხვავებულია. ამას ამდენი ხნის განმავლობაში ხელი არ შეუშლია ვიყოთ უმრავლესობაში. თუკი სხვა პროცესები წავიდა... ჩვენ უფრო დავაკონკრეტებთ და მკაფიოს გავხდით ჩვენს პლატფორმას, რომელსაც მაისის ბოლომდე გამოვაქვეყნებთ. მას გავუგზავნით მთავრობას, უმრავლესობას და იქნება საჯარო. გვინდა ამაზე დისკუსია დაიწყოს. ამ დისკუსიაში ჩვენ მთავარ პარტნიორად პირველ რიგში “ქართულ ოცნებას“ განვიხილავთ. სხვა პარტიებთან ურთიერთობას ჩვენ პრაქტიკულად გამოვრიცხავთ. ჩვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია სახელმწიფო პოლიტიკა, ვიდრე პერსონალური ურთიერთობები. რა თქმა უნდა, თუ ეს რაღაც წინააღმდეგობებს გამოიწვევს და მოხდება ისე, რომ შეუთანხმებლობა არსებობს, ეს დაკავშირებული იქნება არა უმრავლესობაში შესვლა-გასვლასთან, არამედ იმასთან, თუ როგორ მიიღებ მონაწილეობას არჩევნებში. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მივიღოთ“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ გია ჟორჟოლიანმა.