ლევან ბოძაშვილი: დგას უშიშროების საბჭოს მოწვევის აუცილებლობა

ლევან ბოძაშვილი: დგას უშიშროების საბჭოს მოწვევის აუცილებლობა

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის, ლევან ბოძაშვილის აზრით, სირიაში განვითარებული მოვლენების საკითხზე საქართველოს უშიშროების საბჭომაც უნდა იმსჯელოს.

"იმის მიუხედავად, რა განვითარებას მიიღებს სირიაში მიმდინარე მოვლენები, აუცილებლობა, რომ უშიშროების საბჭო იქნას მოწვეული, სახეზეა. დასავლეთი რუსეთთან უკვე ცივი ომის აქტიურ ფაზაშია შესული და ეს ნიშნავს ორი დაპირისპირებული მხარის მხრიდან არა პირდაპირ, არამედ სუსტ წერტილებზე სხვადასხვა ფორმით იერიშის მიტანას, მათ შორის სამხედრო პროვოკაციების მეშვეობით. საქართველოს გამორიცხვა ასეთი სცენარიდან არ იქნება მართებული. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ უმაღლესმა პოლიტიკურმა ხელისუფლებამ კონსოლიდირებულად მოახდინოს არსებული საფრთხეების შეფასება და საჭირო ღონისძიებების დაგეგმარება პოლიტიკურ დონეზე", - განუცხადა ბოძაშვილმა "ინტერპრესნიუსს". 

რაც შეეხება, იმას, არის თუ არა ეფექტური დღევანდელი უშიშროების საბჭო და შეძლებს თუ არა ის რაიმე არსებითი გადაწყვეტილებების მიღებას ამ პოლიტიკურ სიტუაციაში, ლევან ბოძაშვილის თქმით, ეს ის ფორმატია, რომელიც ნაკლოვანებების მიუხედავად დღეს უნდა იქნას ამოქმედებული, მისი გადაწყვეტილებების შედეგობრიობა კი მისი წევრების პოლიტიკურ ნებაზე იქნება დამოკიდებული. 

"ახლა არ არის ის დრო, როდესაც შიდაპოლიტიკური გარჩევები იმაზე უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ის, რაც ხდება ჩვენი რეგიონის ირგვლივ და რაც საჭიროებს, როგორც მინიმუმ პრევენციულ დონეზე რეაგირებას", - აღნიშნა უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ.