გარკვეული ჯგუფები ახდენდნენ ანტიდასავლური განწყობების წახალისებას, თესავენ უნდობლობას და ნიჰილიზმს

გარკვეული ჯგუფები ახდენდნენ ანტიდასავლური განწყობების წახალისებას, თესავენ უნდობლობას და ნიჰილიზმს

გარკვეული წყაროების მიერ ანტიდასავლური განწყობების წახალისება ხდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა, რომელსაც ამ წუთებში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებებისა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ.

"ძალიან დიდი სამუშაოა გაწეული სუს-ის მიერ. გამოვყოფდი მთავარ საკითხებს: ოკუპირებულ ტერიტორიებე არსებული საფრთხეები, სუს-ის ანტიტერორისტული საქმიანობა, სადაც აშკარაა, რომ მართლაც დიდი სამუშაოა გაწეული და საფრთხეები საქართველოს ტერიტორიაზე შემცირებულია; ეს არის უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიზნები, განსაკუთრებით გამოვყოფდი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს იმიჯის შელახვის და საზოგადოებაში ნიჰილიზმის დანერგვის მცდელობებს. გარკვეული წყაროების მიერ ხდება ანტიდასავლური განწყობების წახალისება. ბუნებრივია, ყველა ამ მიმართულებით მივესალმებით სუს-ის საქმიანობას", - განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია, რომელი ჯგუფების მიერ ხდება ანტიდასავლური განწყობების წახალისება. 

"მთავარია, რომ ანგარიშში ცალსახად არის აღნიშნული ასეთი ჯგუფების გამოვლენის მიზნით სუს-ის მუშაობის შესახებ. საზოგადოებაც ხედავდა ამ პერიოდში, რომ გარკვეული ჯგუფები მართლაც ახდენდნენ ანტიდასავლური განწყობების წახალისებას, თესავენ უნდობლობას და ნიჰილიზმს საზოგადოებაში და ასევე ცდილობენ რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე გააღვივონ კონფლიქტი. მივესალმებით, რომ ყველა ეს საფრთხე არის დანახული",- დასძინა თალაკვაძემ.