ეკონომისტ ანდერს ასლუნდის აზრით, დასავლეთმა რუსი ოლიგარქების აქტივები უნდა გაყინოს. ასლუნდი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში ამბობს, იმ ადამიანებს, ვისაც სანქციები დაუწესდათ, ამერიკულ საბანკო სისტემაში ფინანსური ოპერაციების განხორციელების საშუალება არ ექნებათ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ დოლარებში ტრანზაქციების განხორციელებაც აღარ შეეძლებათ.
„ეს ძალიან სერიოზული ნაბიჯია. ვფიქრობ, შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა უკვე სანქცირებული ადამიანების აქტივები უნდა გაყინოს. ეს არ არის სახელმწიფო რეზერვები ან ზოგადად რუსული აქტივები. მე ვსაუბრობ ძმებზე არკადი და ბორის როტენბერგებზე, პუტინის ბანკირ იური კავალჩუკზე, გენადი ტიმჩენკოზე. ეს არიან ადამიანები, რომლებიც პერსონალურად აწარმოებენ ბიზნესს პუტინთან. ამერიკამ მათ სანქციები 2014 წლის გაზაფხულის შემდეგ დაუწესა, მაგრამ მათი აქტივები არ გაუყინავს. ამ ადამიანებს ამერიკაში, ალბათ, ათობით მილიარდი დოლარი აქვთ დაბანდებული“, - განაცხადა ასლუნდმა.
კრემლთან დაკავშირებულ პირთა პერსონალურ ქონებაზე საუბრისას ასლუნდი ხაზს უსვამს, რომ ფულის დიდი მანქანა რუსეთში „გაზპრომია.“
„პუტინი და მისი მეგობრები ექსკლუზიურად „გაზპრომისთვის“ აფორმებენ კონტრაქტებს ისეთი პირობებით, რომლებიც საბაზრო ფასებთან შედარებით სამჯერ ძვირია. ეს განსაკუთრებით არკადი როტენბერგს და გენადი ტიმჩენკოს ეხება, რომლებიც ამ კონტრაქტების სპეციალისტები არიან. ამასთან ერთად, „რუსეთის ბანკი,“ რომელსაც პუტინის ბანკირი იური კოვალჩუკი მართავს. კოვალჩუკმა მედიასაშუალებები და „გაზპრომის“ ფინანსური აქტივები ძალიან იაფად იყიდა. ამ გზით, მათ კომპანიის კუთვნილი დიდძალი თანხა თავისთვის დაირიგეს. კიდევ ერთი მეთოდი, სახელმწიფო ბანკებიდან სესხების გამოტანა და მათი უკან არ დაბრუნებაა. დიდძალი ფული ასევე კეთდება აქციებზე ფასების მანიპულირებით. „გაზპრომიდან“ პუტინმაც დიდი წილი მიიღო. კომპანიის რესტრუქტურიზაცია 2006 წელს მოხდა და მაშინ პუტინს აქციების 4-დან 6 პროცენტამდე მისცეს“, - განაცხადა ეკონომისტმა.
მისივე ვარაუდით, ვლადიმერ პუტინი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია, რომლის ქონება 50-დან 200 მილიარდამდე მერყეობს.
„თუმცა, მარტივი სიმართლე ისაა, რომ ჩვენ სინამდვილეში ეს არ ვიცით იმის გამო, რომ ეს ფული უამრავი ფენის ქვეშ არის დამალული და საზღვარგარეთ საკუთრებით ანონიმურ მფლობელობას აფარებს თავს. ამ ადამიანებს სიმდიდრე არ უნდათ. ქონებას ისინი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით აგროვებენ. სახელმწიფო აპარატები მომართულია იმისკენ, რომ დღევანდელ მმართველ გუნდს ძალაუფლება შეუნარჩუნოს. ისინი მოსახლეობის წინაშე ვალდებულებას არ კისრულობენ მათი ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. ეს ასევე იმის ნიშანიცაა, რომ სანამ ეს გუნდი ხელისუფლებაშია, რუსეთში მმართველობის სტრუქტურის, ეკონომიკური თუ პოლიტიკური სერიოზული რეფორმები არ განხორციელდება“, - განაცხადა ანდერს ასლუნდი.
ეკონომისტი ფიქრობს, რომ პუტინის გარემოცვის აქტივების გაყინვით რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვას მკაცრი მესიჯი გაეგზავნება, რომ პუტინს სისუსტეები აქვს და რომ მასთან ძალიან ახლოს ყოფნა მათთვის კარგი არ არის.
„უცნაური ისაა, რომ პუტინი და მისი მეგობრები საკუთარ ქონებას დასავლეთში ინახავენ, იმიტომ რომ რუსეთში საკუთრების უფლება სანდოდ არ არის დაცული. ისინი დასავლეთში კანონის უზენაესობის პრინციპებით სარგებლობენ, სადაც ანონიმურად დაბანდებულ ქონებას კანონი იცავს და სადაც ეკონომიკას სიღრმე აქვს. ასეთი ორი ქვეყანა კი ამერიკა და დიდი ბრიტანეთია“, - დასძინა ასლუნდმა.
შეგახსენებთ, რომ თეთრმა სახლმა რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციები იანვრის შემდეგ მეორედ დააწესა. 6 აპრილს გამოქვეყნებული სანქციები შვიდ რუს ოლიგარქს, რუსეთის ხელისუფლების ჩვიდმეტ მაღალჩინოსანს, იარაღის სახელმწიფო ინდუსტიას და 12 კერძო კომპანიას ეხება. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, პრეზიდენტ პუტინის და მისი გარემოცვის კერძო აქტივები გლობალურად, დაახლოებით, 1.3 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ეკონომისტი ანდერს ასლუნდი რუსი ოლიგარქების სანქცირებასთან ერთად, მათი აქტივების გაყინვის წინადადებით გამოდის.