რუსეთის ФСБ-ს ჩრდილოეთ ოსეთის სასაზღვრო უწყების პრეს-სამსახური იუწყება, რომ ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე უცხოელი ფუნდამენტალისტები დააკავეს, რომლებიც რუსეთში აკრძალული ლიტერატურის შეტანას ცდილობდნენ, - წერს „ეხო კავკაზა“.
განცხადებაში ნათქვამია, რომ უშიშროების ორგანოების თანამშრომლებმა საქართველო-რუსეთის საზღვრის რუსეთის მონაკვეთზე უცხოელი მოქალაქეები დააკავეს, თუმცა კონკრეტულად რა სახის „ექსტრემისტულ მასალებზეა“ საუბარი, არ სახელდება.
სამმა მამაკაცმა, რომელთა ასაკი 35-წლამდეა, ძალოვანების მხრიდან ეჭვი გამოიწვია ტერორისტულ და ექსტრემისტულ საქმიანობაში მონაწილეობის გამო. დაკავებულების პირად ნივთებში აღმოჩნდა გამოცემები, რომლებიც რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ექსტრემისტული მასალების ფედერალურ სიაში შეიტანა და მათი გავრცელება რუსეთის ტერიტორიაზე აკრძალა.
მესაზღვრეები აცხადებენ, რომ დაკავებულებს აღმოაჩნდათ მასალები, რაც მიმართულია ისლამური ფუნდამენტალიზმის გავრცელებისა და საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების მოქმედებების პოპულარიზებისკენ ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებულ კონფლიქტებში.