ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ნებისმიერს დაარტყამს, ვინც გეგმავს ისრაელისთვის ზიანის მიყენებას. აღნიშნული განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს ისრაელი ოფიციალურად დაადანაშაულა სირიაში მდებარე სამხედრო ავიაბაზის დაბომბვაში.
ისრაელმა ოფიციალური კომენტარი აღნიშნულ საკითხზე არ გააკეთა, თუმცა ამერიკულმა ტელეარხმა NBC News-მა ოფიციალურ ამერიკულ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ აშშ წინასწარ გაფრთხილებული იყო ისრაელის მიერ საჰაერო დარტყმების განხორციელების შესახებ.
„ჩვენ გვაქვს ერთი ნათელი და მარტივი წესი და მას მუდმივად ვაფიქსირებთ: თუ ვინმე ცდილობს თავდასხმა განახორციელოს შენზე, აღსდექ და პირველმა შეუტიე მას. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას დაგვიშავოს. უსაფრთხოება აწმყოში აუცილებელი პირობაა უსაფრთხოებისთვის მომავალში“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დღეს ისრაელის საჰაერო ძალების F-15 ტიპის ორმა გამანადგურებელმა სირიის სამხედრო აეროდრომ ტიიფორზე ავიადარტყმები მიიტანა. როგორც სირიული მედია იუწყება, აღნიშნული ავიადარტყმის შედეგად სულ მცირე 14 სამხედრო დაიღუპა, მათ შორის, ირანელი სამხედრო მრჩევლებიც.