სომხეთის პრეზიდენტი და პრემიერი მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებენ

სომხეთის პრეზიდენტი და პრემიერი მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებენ

სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ქართველ კოლეგას გიორგი მარგველაშვილს ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა. ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტის საიტი იუწყება.

სომხეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სერჟ სარგსიანმა ღრმა მწუხარება გამოთქვა და მხარდაჭერა გამოუცხადა გიორგი მარგველაშვილს და მეგობარ ქართველ ხალხს და თანადგომა გამოუცხადა გარდაცვლილთა ოჯახებს.

თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა სამძიმრის წერილი ქართველ კოლეგას გიორგი კვირიკაშვილს გაუგზავნა.

„სომხეთის მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით ღრმა მწუხარებას გამოთქვამ მინდელის შახტში დატრიალებული ტრაგედიის გამო და გისამძიმრებთ პირადად თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს.

ამ მძიმე წუთებში თქვენ, გარდაცვლილების ოჯახებს და მეგობრებს და სრულიად ქართველ ხალხს სოლიდარობას და თანაგრძნობას გიცხადებთ“, - ნათქვამია კარენ კარაპეტიანის წერილში.

5 აპრილს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.