რუსეთი არასდროს იქნება ჩვენი მეგობარი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვსურს მასთან მუშაობა

რუსეთი არასდროს იქნება ჩვენი მეგობარი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვსურს მასთან მუშაობა

ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობდა პოლიტიკური კამათი იმის შესახებ, გვევლინება თუ არა რუსეთი მეგობრად. სინამდვილეში, ეს არასწორი კითხვაა, ვინაიდან რუსეთი არასდროს იქნება ჩვენი მეგობარი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვსურს მასთან მუშაობა, - განაცხადა აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ნიკი ჰეილიმ ჩრდილოეთ კაროლინაში, დიუკის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.

„მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ მათთან, როცა ეს გვჭირდება და დარტყმას ვაყენებთ, როცა გვჭირდება. ზუსტად ასე უნდა იყოს“, - დაამატა ჰეილიმ.

რუსეთთან მიმართებით აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დამოკიდებულებაზე საუბრისას ჰეილიმ ხაზი გაუსვა, რომ ყურადღება მიაქციონ არა სიტყვებს, არამედ საქმეებს. ამასთან დაკავშირებით მან შეერთებული შტატებიდან რუსი დიპლომატების გაძევება, კიევისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება და სირიაში 2017 წელს სამხედრო აეროდრომზე ვაშინგტონის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმა გაიხსენა. ასევე ახსენა ვაშინგტონის განზრახვა გამოყონ მნიშვნელოვანი სახსრები ამერიკის შეიარაღებული ძალებისთვის.

„ასე, რომ მოქმედი პრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე რომელიმე სხვა პრეზიდენტი რეიგანის დროიდან მოყოლებული, მაგრამ ვინაიდან სიტყვები განსხვავებულია, ხალხი ამას სხვაგვარად უყურებს“, - აღნიშნა ჰეილიმ. 

„თქვენ ჯერ არ იცით, თუ რისი გაკეთება აქვს განზრახული მოქმედ ადმინისტრაციას რუსეთთან მიმართებით. თქვენ ნახავთ, ყველაფერი როგორ განვითარდება“, - განაცხადა ჰეილიმ.

მისივე თქმით, სადაც შესაძლებელია ერთად მუშაობა, ერთად უნდა იმუშაონ. მისი თქმით, ის შეხვდა რუსეთის ელჩს და შეთანხმდნენ, რომ „შეხების წერტილები უნდა იპოვონ“.

მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ახალი ცივი ომის დაწყებასთან დაკავშირებით ჰეილიმ განაცხადა, რომ ყველაფერი რუსეთზეა დამოკიდებული. თუკი თანამშრომლობას მოისურვებენ, მაშინ ბევრ ქვეყანას მოუნდება მათთან მუშაობა, ხოლო თუ სხვა ქვეყნებში ქაოსის შეტანას გააგრძელებენ, მაშინ სახელმწიფოები მისგან განზე გადგებიან.

საუბრისას ჰეილი გამოეხმაურა სკრიპალების მოწამვლის ფაქტსაც და აღნიშნა, რომ როდესაც რუსეთმა აშშ-ს მოკავშირე ქვეყანაში ქიმიური იარაღი გამოიყენა, მათ გადაწყვიტეს სხვა ქვეყნებს წინ გაძღოლოდნენ, რისი გამოვლინებაც არის შეერთებული შტატებიდან რუსი დიპლომატების გაძევება.