გაერო-ში რუსეთის ელჩი: ლონდონი ცეცხლს ეთამაშება

გაერო-ში რუსეთის ელჩი: ლონდონი ცეცხლს ეთამაშება

 გაერო-ში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ ბრიტანეთის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ სერგეი და იულია სკრიპალების სიცოცხლის ხელყოფაში მოსკოვის დადანაშაულებით ისინი ცეცხლს ეთამაშებიან. ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის ელჩმა სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი უარს ამბობს რუსეთთან თანამშრომლობაზე და დიდი ბრიტანეთის გამო რუსეთის ურთიერთობები დასავლეთთან გაუარესდა. 

„რუსეთი მტკიცებულებების წარდგენის გარეშე დაადანაშაულეს. დიდმა ბრიტანეთმა ცრუ ისტორია შექმნა. ლონდონი ცეცხლს ეთამაშება. მათი არგუმენტაცია ბუნდოვანია, ხოლო რუსეთის დადანაშაულება სოლსბერიში ქიმიური იარაღის გამოყენებაში კი აბსურდის თეატრს წარმოადგენს. 

ვინაიდან ბრიტანეთის ხელისუფლება თავხედურად აცხადებს, რომ სოლსბერიში მომხდარი ინციდენტის უკან დიდი ვარაუდით რუსეთი დგას, მაშინ ჩვენც ვაცხადებთ, რომ ამ მეგა-პროვოკაციის უკან დიდი ალბათობით ზოგიერთი ქვეყნების სპეცსამსახურები დგანან“, - აღნიშნა გაერო-ში რუსეთის ელჩმა.