ტყიბულში მომხდარი ტრაგედია იმის შედეგია, რომ ხელისუფლებამ მანამდე მომხდარი უბედური შემთხვევებიდან სწორი დასკვნები ვერ გამოიტანა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განუცხადა.
გოცირიძე მიიჩნევს, რომ კანონის გამკაცრება საკმარისი არ არის.
“სისტემაა შესაქმნელი, რომლის უნარი ამ მთავრობას არა აქვს. ხელისუფლების მიდგომა ასეთია: კანონი მიგვიღია, ხელები დაგვიბანია. გაამკაცრეს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა - ვინმეს გსმენიათ ამ სამსახურის შესახებ რაიმე?! აიკრძალა ურეცეპტოდ წამლების გაყიდვა - რა მივიღეთ შედეგად?! გაძვირებული ფასები და კვლავ განუკითხაობა ამ სფეროში. ასეთივე მდგომარეობაა შრომის უსაფრთხოების კუთხით. ახლა ქურდული სამყაროს წინააღმდეგ მოქმედი კანონმდებლობაც გაამკაცრეს. კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ნაკლებად მკაცრი კანონით არ იყო, რომ კრიმინალი და კორუფცია განადგურდა? კანონებს გამკაცრება კი არ უნდა, არამედ აღსრულება! ამას სჭირდება პოლიტიკური ნება, ცოდნა და სისტემის აწყობის უნარი. ამ ხელისუფლების ხელში დღესაც რიგები იქნებოდა ბანკებთან გადასახადების ქაღალდით გადარიცხვის გამო. 200-ზე მეტი ახალი სახელმწიფო ორგანიზაცია შეიქმნა ამ ხუთწელიწადნახევარში და ეს პროცესი ისევ გრძელდება. გაჩნდა პრობლემა - შექმენი სახელმწიფო უწყება! ასეთი კომუნისტური მიდგომა აქვს ამ ხელისუფლებას და ამიტომაც ვართ მსოფლიო ლიდერები ბიუროკრატების რაოდენობით მოსახლეობასთან შედარებით. ბიუროკრატია არა მხოლოდ ხრავს, არამედ კლავს“, - აცხადებს რომან გოცირიძე.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედურ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა სამი მეშახტე.