გარემოს ეროვნული სააგენტო - 1960 წლიდან დაწყებული ეს იყო რიგით მე-2 ყველაზე თბილი მარტი

გარემოს ეროვნული სააგენტო - 1960 წლიდან დაწყებული ეს იყო რიგით მე-2 ყველაზე თბილი მარტი

1960 წლიდან დაწყებული ეს იყო რიგით მე-2 ყველაზე თბილი მარტი, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მარტის თვის კლიმატური დახასიათების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მარტის თვე გამორჩეულად თბილი იყო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

„საქართველოში მარტის თვის ამინდს, ძირითადად, განაპირობებდა შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთიდან გადმოტანილი თბილი ჰაერის მასები, თუმცა პერიოდულად აღინიშნებოდა კავკასიონის როგორც ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, ასევე ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება.

მარტის თვე გამორჩეულად თბილი იყო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. 1960 წლიდან დაწყებული ეს იყო რიგით მე-2 ყველაზე თბილი მარტი ქვეყნისთვის, 2008 წლის შემდეგ.

მიწისპირა ატმოსფერული ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურის გადახრამ მრავალწლიური ნორმიდან, საშუალოდ, +3, +4C შეადგინა. მარტის საშუალო ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +12, +13C, აღმოსავლეთ საართველოს ვაკე ტერიტორიაზე +8, +11C, მთაში +7, +10C, ხოლო მაღალ მთაში +2, +5C-ის ფარგლებში აღინიშნა.

ნორმასთან შედარებით ტემპერატურის ყველაზე მაღალი დადებითი გადახრები (+5, +6C) სამხრეთ საქართვლოს მთიანეთის ტერიტორიაზე აღინიშნებოდა.

ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმები, ძირითადად, თვის მეორე დეკადაში დაფიქსირდა და ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს +27, +30°C-ს შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე მიაღწია.

მარტის თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი ტემპერატურები თვის პირველ დეკადაში აღინიშნა სამხრეთ საქართველოს მთიანეთის ტერიტორიაზე, ასევე, ზემო სვანეთში აბს. მინიმუმები -9, -13C-მდე დაეცა.

ნალექების რეჟიმის მიხედვით, მარტის თვე ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე საკმაოდ ნალექიანი იყო. ნორმასთან შედარებით ყველაზე მაღალი გადახრებით ხასიათდებოდა რაჭისა და ზემო იმერეთის რაიონები, სადაც ნალექების ნორმალურ მნიშვნელობებს 2-3-ჯერ აღემატებოდა.

ნალექების მაქსიმალური რაოდენობა (200-230 მმ) აჭარის სანაპირო ზოლსა და რაჭაში მოვიდა, ხოლო ყველაზე მშრალი პირობები (20-30 მმ) ქვემო ქართლის ტერიტორიაზე აღინიშნა.

9 მარტს მთელს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, აღინიშნა ძლიერი ქარი. ქარის მაქსიმალური თბილისში სიჩქარე დაფიქსირდა - 32 მ/წმ“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მარტის თვის კლიმატური დახასიათების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.