აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს ზოგად, უმაღლეს და პროფესიულ განათლებაში ჩართვა შეეძლებათ

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს ზოგად, უმაღლეს და პროფესიულ განათლებაში ჩართვა შეეძლებათ

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეობისა და ნეიტრალური დოკუმენტების არმქონე პირებსაც შეეძლებათ სკოლამდელ, ზოგად, უმაღლეს და პროფესიულ განათლებაში ინდივიდუალური ნომრის საფუძველზე ჩართვა.

ამას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

კერძოდ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები პირებისთვის, სახელმწიფო სერვისებზე წვდომის შესაძლებლობების გაფართოების მიზნით, ამოქმედდება ახალი, ე.წ. ,,ინდივიდუალური ნომრის“ (შემდგომში - პირადი ნომერი) სტატუს-ნეიტრალური მექანიზმი. პირის ვინაობის იდენტიფიცირება მოხდება მისი ბიომეტრიული მონაცემების (ბიომეტრიული ფოტო) და ხელთ არსებული დოკუმენტების განხილვის საფუძველზე, რის შემდგომაც მას მიენიჭება პირადი ნომერი, რომელიც დაცული იქნება შესაბამის ელექტრონულ სისტემაში და ბიომეტრიულ მონაცემთან ერთად შემდგომში, სხვადასხვა მომსახურების მიღებისას, გახდება პირის იდენტიფიცირების საფუძველი. პირადი ნომრით რეგისტრაცია არ გულისხმობს პირისათვის მოქალაქეობის დადგენას ან მინიჭებას. აქამდე არსებული რეგულაციისა და პრაქტიკისგან განსხვავებით, პირადი ნომრით რეგისტრირებულ პირს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს მთელი რიგი სახელმწიფო სერვისებით, რაიმე დოკუმენტის წარდგენის გარეშეც, ან მის ხელთ არსებული დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაშიც.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აზრით, აღნიშნული ინიციატივა კიდევ უფრო გაუმარტივებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ პირებს განათლების სისტემაში ცალკეულ სახელმწიფო სერვისებზე წვდომას, როგორიც არის, მაგალითად: სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ელექტრონული რეგისტრაცია და კერძო სკოლამდელ დაწესებულებებში ჩარიცხვა; ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო დაწესებულებებში ელექტრონული რეგისტრაცია და კერძო სკოლებში ჩარიცხვა; ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ელექტრონული რეგისტრაცია და საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვა, მათ შორის ე.წ. 1+4 პროგრამით; პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებზე ელექტრონული რეგისტრაცია და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვა; პირადი ნომრით განათლების საერთაშორისო ცენტრში ელექტრონული რეგისტრაცია და საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების მოთხოვნა; საგანმანათლებლო/სამეცნიერო-კვლევითი გრანტის მიღება და სკოლის შემდგომი განათლებისათვის მომზადების ცენტრში ჩარიცხვა.