მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობის ინიციატივებს, რომელთა მიზანი გამყოფ ხაზებზე ხიდების აგება და ჰუმანიტარულ გამოწვევებთან გამკლავებაა

მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობის ინიციატივებს, რომელთა მიზანი გამყოფ ხაზებზე ხიდების აგება და ჰუმანიტარულ გამოწვევებთან გამკლავებაა

საქართველოს მთავრობის მიერ დღეს მიღებულ წინადადებათა პაკეტს სიკეთის მოტანა შეუძლია ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის ვაჭრობის, განათლებისა და მობილობის ხელშეწყობის გზით – ამის შესახებ საუბარია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის პრესმდივნის განცხადებაში საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივასთან „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ დაკავშირებით.

ფედერიკა მოგერინი აცხადებს, რომ მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ინიციატივებს, რომელთა მიზანი გამყოფ ხაზებზე ხიდების აგება და ჰუმანიტარულ გამოწვევებთან გამკლავებაა.

„საქართველოს მთავრობის მიერ დღეს მიღებულ წინადადებათა პაკეტს სიკეთის მოტანა შეუძლია ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის ვაჭრობის, განათლებისა და მობილობის ხელშეწყობის გზით.

ეს წინადადებები სრულად შეესაბამება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჩართულობის იმ პოლიტიკას, რომელსაც რამდენიმე პროექტის ფარგლებში ევროკავშირი დღესაც ახორციელებს.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ინიციატივებს, რომელთა მიზანი გამყოფ ხაზებზე ხიდების აგება და ჰუმანიტარულ გამოწვევებთან გამკლავებაა.

ინტერესით ველით საქართველოს პარლამენტში მოსალოდნელ დისკუსიებს და პროცესის საბოლოო შედეგს.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში და აგრძელებს  კონფლიქტის მოგვარებაზე მიმართულ მტკიცე ძალისხმევას; ასევე, არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას საქართველოში, მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, ყოვლისმომცველი მიდგომის ფარგლებში“, – აღნიშნულია ფედერიკა მოგერინის სამდივნოს განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ახალი სამშვიდობო ინიციატივა –  „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარადგინა, რომელიც სამ მიმართულებას გულისხმობს: პირველი მიმართულება – ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით;  მეორე მიმართულება – ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;  მესამე მიმართულება კი, ისეთი მექანიზმის შექმნაა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომლებიც ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა – ეს არის უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება.