მხარს ვუჭერ ინიციატივებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას

მხარს ვუჭერ ინიციატივებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას

მხარს ვუჭერ ინიციატივებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰაიკე ფაიჩის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საელჩოდან აცნობეს, ჰაიკე ფაიჩი გამოეხმაურა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილ ღონისძიებათა პაკეტს „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

“მივესალმები, რომ საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მოიწონა ღონისძიებათა პაკეტი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელსაც იგი ახლა პარლამენტს წარუდგენს შემდგომი განხილვის მიზნით. ამით საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ამტკიცებს თავის სიმამაცესა და შორსმჭვრეტელობას. როგორც იმ ქვეყნის ელჩი, რომელიც 40 წლის მანძილზე გაყოფილი იყო, მივესალმები და მხარს ვუჭერ იმ ინიციატივებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასა და შემსუბუქებას. საელჩო ყურადღებით მიადევნებს თვალყურს ამ ღონისძიებათა პაკეტის საქართველოს პარლამენტში განხილვის პროცესს“, - ნათქვამია ელჩის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ დაამტკიცა ახალი სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს. ესენია: გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისება, გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით; ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისათვის სხვადასხვა სიკეთეებსა და სარგებელზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, მათ შორის, ამ რეგიონის მცხოვრებთათვის იდენტიფიცირების ახალი ნეიტრალური შესაძლებლობის შექმნით, რაც გულისხმობს პირადი ნომრით რეგისტრაციას და არ არის დაკავშირებული მოქალაქეობის დადგენასთან. ასევე, დაინტერესებულ პირთათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და სამოქალაქო აქტების გაცემის და ცალკეული სამოქალაქო ფაქტების დადგენის გამარტივება.

სამშვიდობო „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ სულ 9 საკანონმდებლო აქტში ცვლილებებს ითვალისწინებს.