აუქციონზე ნაყიდი ხისთვის დაახლოებით, 14 000 ლარი უკვე შეგროვდა, ჩვენი მოთხოვნა იქნება, რომ ის იმ ადგილზე დარჩეს, სადაც 100 წელზე მეტია დგას

აუქციონზე ნაყიდი ხისთვის დაახლოებით, 14 000 ლარი უკვე შეგროვდა, ჩვენი მოთხოვნა იქნება, რომ ის იმ ადგილზე დარჩეს, სადაც 100 წელზე მეტია დგას

ხვალ ან მაქსიმუმ ზეგ უკვე თანხას შევიტანთ, რა თქმა უნდა, ჩვენი მოთხოვნა იქნება, რომ ხე თავის ადგილზე დარჩეს, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მწვანე კონცხის დასახლებაში იმ ხესთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც აუქციონზე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა 20 020 ლარად შეიძინეს. 

გიორგი ვაშაძის განცხადებით, თანხის შეგროვება მიმდინარეობს და შესაბამის ანგარიშზე უკვე დაახლოებით, 14 000 ლარამდეა მობილიზებული.

„მოსახლეობა საკმაოდ აქტიურობს. ზოგი ერთ ლარს რიცხავს, ზოგი - 10 ლარს, ვისაც რისი შესაძლებლობა აქვს. მთავარი და პრინციპულია, რომ ვაჩვენოთ რეალურად რაც ქვეყანაში ხდება. ხელისუფლება საერთოდ არ ფიქრობს ხალხის ინტერესებსა და პრობლემებზე. გადართულები არიან ამ ხეების ტარებაზე და ყველა მექანიზმის შექმნაზე, რათა დააკმაყოფილონ ის სურვილები, რომელიც ამ ქვეყნის არაფორმალურ მმართველს აქვს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ხვალ ან მაქსიმუმ ზეგ უკვე თანხას შევიტანთ. რა თქმა უნდა, ჩვენი მოთხოვნა იქნება, რომ ხე დარჩეს თავის ადგილზე, სადაც 100 წელზე მეტია დგას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

რაც შეხება დმანისში არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელთან დაკავშირებითაც გამოცხადებულ აუქციონში ასევე „დმანისის გარაჩენის ფონდმა“ გაიმარჯვა, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ დმანისში ამზომველები უნდა მიიყვანონ და თანხის შეგროვებამდე გაიგონ, თუ რა მდგომარეობაშია მიწის ნაკვეთი. 

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ RMG Gold-მა მოუსმინოს ხალხს, გაითვალისწინოს ადამიანების ინტერესები, არ ანაგვიანებდეს და აბინძურებდეს გარემოს, არ კლავდეს პირდაპირ ხალხს. ჩვენ ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ, რომ ეს გავაკეთოთ“, - განაცხადა ვაშაძემ. 

გიორგი ვაშაძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან შექმნილი დაბრკოლებების მიუხედავად, „დმანისის გადარჩენის ფონდმა“ ოფიციალური რეგისტრაცია უკვე გაიარა და მუშაობას სამი მიმართულებით აგრძელებს. 

„პირველი - ისაა, რომ სამართლებრივი სტატუსი მოვიპოვეთ და დღეს უშუალოდ ამ ტერიტორიაზე შევდივართ. იმედია დაუბრკოლებლად შევალთ და დავადგენთ იმ ხარვეზებს, რაც ამ ტერიტორიას ახლავს. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია სამართლებრივი დავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარევბის სამინისტროსთან, რომელიც ხელს აფარებს RMG Gold-ს. მესამე მიმართულებაა - გარემოს დაცვის სამინისტრო. ძლივს ჩამოვიდა მინისტრი და მათაც აღიარეს, რომ RMG Gold-ის მხრიდან არის დარღვევები, რომლებიც უნდა გამოსწორონ. მთავარია, სამართლებრივი პროცესია დაწყებული RMG Gold-ის წინააღმდეგ საქართველოს ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ აუქციონის წესით გატანილი ევკალიპტის ხე, რომლის საწყისი ფასიც 7000 ლარს შეადგენდა, 27 მარტს 20 020 ლარად გაიყიდა. აღნიშნულ აუქციონში „დმანისის გადარჩენის ფონდმა“ გაიმარჯვა.

გარდა ამისა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მიერ 20 მარტს, აუქციონზე გატანილი დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული მიწის ნაკვეთი, რომლის საწყისი ფასი 15 000 ლარი იყო, იჯარით 5 056 320 ლარად გაიცა. ამ შემთხვევაშიც გამარჯვებული „დმანისის გადარჩენის ფონდია“.