“გირგვლიანის შესწორებების“ სახელით ცნობილი “სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება

“გირგვლიანის შესწორებების“ სახელით ცნობილი “სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება

“გირგვლიანის შესწორებების“ სახელით ცნობილი, “სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება. 

საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში, ცვლილებები სს კოდექსის 12 მუხლში შედის. გარდა ამისა, კოდექსს ორი ახალი სპეციალური მუხლი ემატება, რომელთაგან ერთი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილებით ან მდგომარეობით ბოროტად სარგებლობას შეეხება, მეორე კი, ამ პირების მიერ უკანონო ბრძანების ან დავალების გაცემას.

პარლამენტში წარდგენილი ცვლილებები ასევე ეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებაში უკანონო ჩარევას გამომძიებლის, პროკურორის, ადვოკატის, მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის საქმიანობაში ხელის შეშლის გზით და აგრეთვე ქმედებებს, რომლებიც ითვალისწინებენ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენის შესახებ ბრძანების ან დავალების გაცემას.

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება იმ პირთა მიმართ, რომლებიც ასეთ ბრძანებას ან დავალებას შეასრულებენ - სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ გაცემული დანაშაულებრივი ბრძანების ან დავალების შესრულება, შემსრულებელს დამამძიმებელ გარემოებად შეერაცხება.

“სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების ავტორი და ინიციატორი ფრაქცია “ქართული ოცნებაა“.