ყველას გვახსოვს სახელმწიფო პროგრამები, როდესაც ფულს უხდიდნენ ვენახის გასაჩეხად, დღეს მიმდინარეობს ვენახების განაშენიანება

ყველას გვახსოვს სახელმწიფო პროგრამები, როდესაც ფულს უხდიდნენ ვენახის გასაჩეხად, დღეს მიმდინარეობს ვენახების განაშენიანება

საქართვეოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა, პარტიის თელავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე შეკრებილ მოქალაქეებს იმ სამუშაოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც კახეთის რეგიონში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რეგიონში განხორციელდა ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი. მათ შრის 82 კმ გზის რეაბილიტაცია, დასრულდა წყალმომარაგების 3 პროექტი. რეგიონში ბუნებრივი გაზის მიწოდების ქსელში ჩართვის საშუალება მიეცა დამატებით 43 315 ოჯახს; რეგიონის მასშტაბით ექსპლუატაციაში შევიდა 5 ჰიდროელექტროსადგური. იგეგმება კიდევ 6 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა.

განხორციელდა მაგისტრალური გაზსადენების სისტემის კახეთის განშტოების „რუსთავი-საგარეჯოს“ 25 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები; 2017 წელს დასრულდა ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალურ გაზსადენზე „თელავი-ახმეტის“ 27 კმ-იანი სიგრძის მონაკვეთის მაღალი წნევის გაზსადენის მშენებლობაც. პროექტის ღირებულება დაახლოებით 2 მილიონი ლარია. აშენდა ახალი საბავშვო ბაღები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 127 საბავშვო ბაღს.

„აწარმოე საქართველოშის“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში მხარდაჭერილია 16 პროექტი, მათი ჯამური ინვესტიციის მოცულობა 58 მლნ ლარზე მეტია. პროექტებით სულ დაახლოებით 600 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში კახეთში 1,609 ჰა-ზე შენდება ვაშლის, კაკლის, თხილის, ნუშის, ხურმისა და ქლიავის ახალი ბაღები. ხორციელდება 204 პროექტი, ჯამური ინვესტიციით 13 მილიონი ლარი.

„რაც შეეხება რთველს კახეთში - მთლიანად 2013-2017 წლებში მევენახეებმა ჯამში 615 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღეს და ეს სწორედაც შესაძლებელი გახდა სახელმწიფოს სწორი პოლიტიკით, პირველ რიგში სუბსიდირების კუთხით ამ მიმართულებაზე და ასევე, რათქმაუნდა, დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მიღწეული შედეგით. ყველაფერი ამის შედეგად, ჩვენ მივიღეთ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეღვინეობა-მევენახეობის არნახული აღორძინება.

მე არ მინდა, ნეგატივზე შევჩერდე, მაგრამ ყველას გვახსოვს სახელმწიფო პროგრამები, როდესაც ფულს უხდიდნენ ვენახის გასაჩეხად. დღეს მიმდინარეობს ვენახების განაშენიანება. მიწაზე არის ძალიან დიდი მოთხოვნა. ახალი ვენახების გაშენებაზე ასევე არის ძალიან დიდი მოთხოვნა და დასაქმებაც არის უპრეცედენტო. კახეთის მოსახლეობამ, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდი შვება მიიღო ამ დარგის განვითარების შედეგად.

ღვინის ექსპორტის ასევე დივერსიფიკაციის შედეგად, სხვადასხვა ქვეყნებში ბაზრების განვითარების შედეგად მივიღეთ ის, რომ დღეს ღვინის ექსპორტი სტაბილურია და ამ დარგის ზრდას წინ ვერაფერი დაუდგება. ასევე, სწორი პოლიტიკის შედეგად მივიღეთ ის, რომ თანდათანობით გამოვდივართ სუბსიდირებიდან. 2017 წელს პრაქტიკულად ბაზარზე დაფუძნებული იყო მთლიანად შესყიდვის პროცესი და მიუხედავად ამისა, ჩვენ პრაქტიკულად გაუყიდავი ყურძენი არ დაგვრჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მიმართულება ძალიან წარმატებით ვითარდება და აქ არიან კიდევ ახალ-ახალი ინვესტორები, რომლებიც შემოდიან საქართველოში და კიდევ არაერთ ძალიან წარმატებულ პროექტს ვიხილავთ“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.