ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი: გაერო „ჰამასის“ საგარეო საქმეთა სამინისტროდ იქცა

ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი: გაერო „ჰამასის“ საგარეო საქმეთა სამინისტროდ იქცა

ისრაელის საზოგადოებრივი უსაფრთხოების, სტრატეგიული კავშირებისა და ინფორმაციის მინისტრის გილად ერდანის განცხადებით, ისრაელმა გაერო-სთან არ უნდა ითანამშრომლოს, ვინაიდან ეს საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰამასის“ საგარეო საქმეთა სამინისტროდ იქცა, ხოლო ისრაელს ღაზას სექტორის საზღვართან მომხდარი ინციდენტების გამოძიება დამოუკიდებლად შეუძლია.

„გაერო-სთან თანამშრომლობისთვის არც ერთი მიზეზი არ არსებობს. გაერო - მტრული სტრუქტურაა. ის ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ საგარეო საქმეთა სამინისტროდ იქცა“, - განაცხადა ერდანმა კითხვაზე, უნდა ითანამშრომლოს თუ არა ისრაელმა გაერო-სთან იმ შემთხვევაში, თუ ეს ორგანიზაცია ღაზას სექტორის საზღვართან მომხდარი ინციდენტების გამოძიებას გადაწყვეტს.

30 მარტს რამდენიმე ათასი პალესტინელი ღაზას სექტორსა და ისრაელს შორის საზღვრის გასწვრივ მანიფესტაციაზე გამოვიდა, რაც შემდგომში ძალადობრივ არეულობაში გადაიზარდა. არეულობისას 16 პალესტინელი დაიღუპა.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, 30 მარტს ღაზას სექტორის საზღვართან მომხდარი არეულობისას მოკლული 16 პალესტინელიდან სულ მცირე 10 ტერორისტული დაჯგუფებების წევრი იყო.