გიორგი სეთურიძის მხოლოდ თანამდებობიდან გადაყენება ვერ ჩაითვლება ვერც კორუფციასთან ბრძოლად და ვერც მთავრობისთვის ქულების დასაწერად

გიორგი სეთურიძის მხოლოდ თანამდებობიდან გადაყენება ვერ ჩაითვლება ვერც კორუფციასთან ბრძოლად და ვერც მთავრობისთვის ქულების დასაწერად

გიორგი სეთურიძის მხოლოდ თანამდებობიდან გადაყენება ვერ ჩაითვლება ვერც კორუფციასთან ბრძოლად და ვერც მთავრობისთვის ქულების დასაწერად, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი სეთურიძის თანამდებობიდან გადაყენებაზე საუბრისას ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

ირმა ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ ისევე, როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის, ასევე გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი სეთურიძის გადაყენება უკავშირდება მათ კორუფციულ საქმიანობას, რაზეც დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება.

„მე ვთვლი, რომ ზურაბ ალავიძე და გიორგი სეთურიძე მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო გადააყენეს თანამდებობიდან, რომ მათ ირგვლივ სკანდალი ძალიან ხმაურიანი იყო. მე გავაკეთე პარლამენტში განცხადება და ვისაუბრე იმ კორუფციაზე რომელიც არის გზების დეპარტამენტში. მე ვფიქრობ, რომ ამ ხმაურიანი სკანდალის რეაქცია იყო, მაგრამ ეს ვერ ჩაითვლება კორუფციასთან ბრძოლად.

გიორგი სეთურიძემ პასუხი უნდა აგოს იმ ქმედებების გამო, რომელსაც სჩადიოდა და იმ ზარალის გამო, რომელიც მიაყენა ბიუჯეტს და ოდენობა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მხოლოდ თანამდებობიდან გადაყენება ვერ ჩაითვლება ვერც კორუფციასთან ბრძოლად და ვერც მთავრობისთვის ქულების დასაწერად. უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება დაიწყოს“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს გიორგი სეთურიძეს ირაკლი ქარსელაძე შეცვლის. გადაწყვეტილება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მიიღო.

ირაკლი ქარსელაძე აქამდე თანაინვესტირების ფონდს ხელმძღვანელობდა.