კემეროვოს ოლქის გუბერნატორმა ვლადიმერ პუტინს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა

კემეროვოს ოლქის გუბერნატორმა ვლადიმერ პუტინს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა

კემეროვოს ოლქის გუბერნატორმა ამან ტულეევმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას კემეროვოს ოლქის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

განცხადებაში ამან ტულეევი აცხადებს, რომ ეს მისთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა კემეროვოში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ. 

„მივიჩნევ, რომ ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, ვინაიდან ამ მძიმე ტვირთით თანამდებობაზე ყოფნა არ შეიძლება. ყველა ჩვენგანი განიცდის იმ საშინელ ტრაგედიას, რომელიც 25 მარტს მოხდა კემეროვოში. ჩვენ 64 ადამიანი დავკარგეთ, მათი უმრავლესობა ბავშვებია“, - აღნიშნა კემეროვოს ოლქის გუბერნატორმა. 

73 წლის ამან ტულეევი კემეროვოს ოლქის გუბერნატორი 1997 წლიდან იყო. სავაჭრო ცენტრში „Зимняя вишня“ ხანძარი 25 მარტს გაჩნდა. ხანძრის ლოკალიზება მხოლოდ 26 მარტს მოხერხდა. ხანძარის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 41 ბავშვი. ბავშვების უმეტესობა ხანძრის დროს სავაჭრო ცენტრში მდებარე კინოთეატრში იმყოფებოდა. ჯერჯერობით მხოლოდ 27 ადამიანის ცხედარია ამოცნობილი. გამოძიება ხანძრის გაჩენის ორ ვერსიას განიხილავს - მოკლე ჩართვასა და ცეცხლის განზრახ გაჩენას. საქმესთან დაკავშირებით დაპატიმრებულია ხუთი ეჭვმიტანილი, ასევე სავაჭრო ცენტრის მფლობელი, კომპანიის გენერალური დირექტორი იულია ბოგდანოვა.