“ქართული ოცნება” არის დღეს ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესწევს ძალა, ქვეყანა საბედისწერო ჩაკეტილი წრიდან გამოიყვანოს

“ქართული ოცნება” არის დღეს ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესწევს ძალა, ქვეყანა საბედისწერო ჩაკეტილი წრიდან გამოიყვანოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნება” არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესწევს ძალა, ქვეყანა საბედისწერო ჩაკეტილი წრიდან გამოიყვანოს.

როგორც პრემიერმა გორის  საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მხოლოდ “ქართულ ოცნებას“ შეუძლია გადადგას რეალური ნაბიჯები ქვეყნის გამთლიანებისთვის, რომლის რესურსიც არც ერთ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებას ქვეყანაში არ გააჩნია.

პრემიერმა პარტიის წარმომადგენლებს ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო გააცნო, თუმცა აღნიშნა, რომ გაწეული სამუშაო საკმარისი არ არის.

“ჩვენ ვიცით, რომ ეს გაწეული სამუშაო არ არის საკმარისი იმისათვის, რომ თითოეულმა ოჯახმა ამის შედეგი საკუთარ კეთილდღეობაზე იგრძნოს, მაგრამ მინდა, ჩვენს თითოულ პარტიულ აქტივისტს, თითოეულ ადამიანს, რომელიც პარტია “ქართული ოცნების” რიგებში იღწვის სახელმწიფოს კეთილდღეობისათვის, ჰქონდეს სიამაყის განცდა იმისათვის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. თითოეულს უნდა გქონდეთ სიამაყის განცდა, რადგან პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება” არის დღეს ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესწევს ძალა, ჩვენი ქვეყანა საბედისწერო ჩაკეტილი წრიდან გამოიყვანოს და გადადგას რეალური ნაბიჯები ქვეყნის გამთლიანებისთვის, რომლის რესურსიც არც ერთ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებას ქვეყანაში არ გააჩნია. სწორედ ამიტომ, ეს გვაკისრებს კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას, რათა ჩვენი ყველა ნაბიჯი იყოს გათვლილი და მიმართული იმისკენ, რომ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა და ვაშენოთ კეთილდღეობა თითოეული ოჯახისთვის“, - განაცხადა პრემიერმა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, მას ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია იმ პარტიული მუშაკების მუშაობა და ეფექტურობა, რომლებთანაც ბოლო დღეებში ლიდერები შეხვედრებს მართავენ.

“მნიშვნელოვანია, პარტიულ ორგანოებში არჩეული იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც მოიტანენ თქვენს ტკივილს პარტიის ცენტრალურ მმართველობით ორგანოებში. რა თქმა უნდა, ერთად გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც ააშენებს იმ კეთილდღეობას, რომელიც ჩვენს ქვეყანას ასე სჭირდება. მინდა, მადლობა გადავუხადო მაჟორიტარ დეპუტატებს, რომლებსაც თქვნი ტკივილი მოაქვთ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. მე არაერთი შეხვედრა მქონია ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობის ფარგლებში მათთან, რათა გადაგვეწყვიტა რეგიონში არსებული რეალური პრობლემები. მინდა, კიდევ ერთხელ, ყველა თქვენგანმა იგრძნოს, რა მნიშვნელოვანია თქვენი წვლილი იმ წარმატებებში, რომლებზეც მე ვისაუბრე, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რასაც თქვენ აკეთებთ, რათა ჩვენ ერთობლივად გავაერთიანოთ ის გუნდი, რასაც პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება” ჰქვია. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი და რწმენა იმისა, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ, ავაშენოთ ის სანატრელი საქართველო, რომელზეც 1991 წლის 31 მარტს მთელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ოცნებობდა, როდესაც რეფერენდუმში ხმა მისცა დამოუკიდებელი საქართველოს სრულიად ახალ ტრაექტორიას. ეს შემდგომში უკვე მრავალი ავბედითი ტალღის საფუძველი გახდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მსხვერპლი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გაიღო, არ იქნება უშედეგო და ამის პასუხისმგებლობა ჩვენ გაგვაჩნია და ეს პასუხისმგებლობა ჩვენ ღირსეულად უნდა ვატაროთ“, - განაცხადა პრემიერმა.