ცოტა ხნის წინ მიწას მივაბარეთ გმირი ვაჟკაცის სხეული, რომელიც ვერ გატეხეს და სამშობლოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ვერც ერთი სიტყვა ვერ ათქმევინეს

ცოტა ხნის წინ მიწას მივაბარეთ გმირი ვაჟკაცის სხეული, რომელიც ვერ გატეხეს და სამშობლოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ვერც ერთი სიტყვა ვერ ათქმევინეს

ცოტა ხნის წინ მივაბარეთ მიწას გმირი ქართველი ვაჟკაცის სხეული, რომელიც ვერ გატეხეს და ვერ ათქმევინეს ვერც ერთი სიტყვა ჩვენი სამშობლოს ინტერესების საწინააღმდეგოდ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის გორის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მისთვის უდიდესი პატივია, იმყოფებოდეს ქალაქში, რომელიც არის საქართველოს გული, რომელმაც უდიდესი ტკივილი გადაიტანა. 

„ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ მივაბარეთ მიწას ერთი გმირი ქართველი ვაჟკაცის სხეული, რომელიც ვერ გატეხეს და რომელსაც ვერ ათქმევინეს ვერც ერთი სიტყვა ჩვენი სამშობლოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. როდესაც ასეთი ისტორიები ხდება, ეს კიდევ უფრო განგვამტკიცებს შინაგანად და მეორე მხრივ, ასევე გვიმყარებს რწმენას, რომ იმ პრაგმატულ თანმიმდევრულ პოლიტიკას, რომელიც დაფუძნებულია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვით, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისკენ თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმაზე და მშვიდობის შენარჩუნებაზე, ალტერნატივა არ გააჩნია. მე ქედს ვიხრი ყველა იმ მოქალაქის წინაშე, რომელიც ცხოვრობს ამ ულამაზეს ქალაქში და რომელმაც თავისი გმირული სულისკვეთება არაერთხელ ანახა მთელს ქვეყანას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, რომლის განცხადებასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. 

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. 20 მარტს 26 დღის შემდეგ, „წითელი ჯვრის“ მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი თბილისის ცენტრალურ ხელისუფლებას გადასცა. გარდაცვლილი სამხედრო 24 მარტს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.