ახალ სამშენებლო ნებართვებში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის საკითხი მაქსიმალურად იქნება მითითებული

ახალ სამშენებლო ნებართვებში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის საკითხი მაქსიმალურად იქნება მითითებული

ახალ სამშენებლო ნებართვებში, რომლებსაც ჩვენ გავცემთ, მაქსიმალურად იქნება მითითებული სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის საკითხი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

დედაქალაქის მერი გამოეხმაურა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციას, რომელიც სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიმართულებით ქვეყნის მასშტაბით ობიექტებს ამოწმებს.

“ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებული გვაქვს. 41-ე დებულება, რომელშიც ჩვენ ცვლილებები შევიტანეთ, სწორედ ამას გულისხმობს და მიმართულია იმისკენ, რომ ახალ სამშენებლო ნებართვებში, რომლებსაც ჩვენ გავცემთ, მაქსიმალურად იქნება მითითებული სახანძრო უსაფრთხოების ნორმები. ამის გარეშე არც ერთი ნებართვა არ გაიცემა. ამ მიმართულებით პრობლემები არსებობს და ძირითადად მხედველობაში მაქვს უკვე გაცემული ნებართვები. თუმცა მას შემდეგ რაც მოვედით, მე გადმომეცა უფლებამოსილება, ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, 41-ე დადგენილებაში ჩვენ შევიტანეთ ეს ცვლილება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უახლოეს პერიოდში დაიწყებს იმ ობიექტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას, სადაც სახანძრო უსაფრთხოების წესები დაცული არ იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, სამსახურის ზედამხედველობის სამმართველო პერმანენტულად ამოწმებს ქვეყნის მასშტაბით არსებულ შენობა-ნაგებობებს, რათა მოხდეს სახანძრო უსაფრთხოების კუთხით ვითარების შესწავლა. მოწმდება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საკუთრებაში არსებული ობიექტები. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები და საგანმანათლებლო დაწესებულებები.

უწყების ცნობით, გასულ წელს, სამმართველოს მიერ, ქვეყნის მასშტაბით 6 000-მდე შენობა-ნაგებობა შემოწმდა, 200-მდე ობიექტი დაჯარიმდა, ათასობით შენობის მეპატრონეებზე გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.