ლისის ტბის ტერიტორიის სწორად განვითარება აუცილებელია, რათა იქ ქაოტური განაშენიანება არ მივიღოთ

ლისის ტბის ტერიტორიის სწორად განვითარება აუცილებელია, რათა იქ ქაოტური განაშენიანება არ მივიღოთ


13:35 31-03-2018
 კახა კალაძე - ლისის ტბის ტერიტორიის სწორად განვითარება აუცილებელია, რათა იქ ქაოტური განაშენიანება არ მივიღოთ ლისის ტბა თავისი რეკრეაციით უმნიშვნელოვანესია ქალაქისთვის და მისი სწორად განვითარება აუცილებელია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. 

კითხვაზე, როდის იქნება მზად განვითარების ჩარჩო-გეგმა, რომელსაც მომავალში ქალაქმშენებლობითი პროცესები დაეფუძნება, დედაქალაქის მერმა უპასუხა, რომ ამას რამდენიმე თვე დასჭირდება.

“რამდენიმე თვე დასჭირდება, რომ ჩვენ ზუსტად მივაწოდოთ იმ ადამიანებს ინფორმაცია, ვისაც იქ ნაკვეთები აქვს, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს კონკრეტული ადგილი. ზოგადად, ლისის ტბა თავისი რეკრეაციით უმნიშვნელოვანესია ქალაქისთვის და მისი სწორად განვითარება არის აუცილებელი იმისთვის, რომ არ მივიღოთ ქაოტური განაშენიანება. ჩვენ მესაკუთრეებს შევთავაზებთ გეგმას, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ეს ტერიტორია. დღეის მდგომარეობით იქ არ არსებობს გზები, ინფრასტრუქტურა, წყალი, კანალიზაცია და ა.შ. ეს ყველაფერი არის მოსაწესრიგებელი და სწორად განსავითარებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია ყველა იმ ადგილზე, სადაც ქაოტური მშენებლობები მიმდინარეობდა, განაშენიანების გეგმების შემუშავებამდე მშენებლობების შეჩერებას გეგმავს. როგორც მერიაში აცხადებენ, პირველი პრეცენდენტი ლისის ტბის ტერიტორიის გეგმის შემუშავება იქნება.