თანამშრომლობა ან მეგობრობა პოლიტიკურ ძალასთან, რომელმაც დაგვიტოვა 2008 წლის მემკვიდრეობა, არის გამორიცხული

თანამშრომლობა ან მეგობრობა პოლიტიკურ ძალასთან, რომელმაც დაგვიტოვა 2008 წლის მემკვიდრეობა, არის გამორიცხული

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი გამორიცხავს რაიმე ტიპის გარიგებაში ყოფნას იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელმაც „თავიდან ვერ აიცილა ვერც ერთი მძიმე პროვოკაცია საქართველოს უახლეს ისტორიაში“.

პრემიერმა აღნიშნული განცხადება ხონში, პარლამენტის შუალედურ არჩევნებზე ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გივი ჭიჭინაძის წარდგენისას გააკეთა.

„თვალს ვადევნებ, მასმედიის საშუალებებით გავრცელებულ სხვადასხვა ინფორმაციას. გავრცელდა ჭორი, რომ ჩვენ გარკვეულწილად კარტბლანშს ვაძლევთ „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ მათთან დაკავშირებულ, მათი ყოფილი თანაგუნდელების მიერ შექმნილ პარტიებს და აშ.

მინდა გითხრათ, რაიმე ტიპის მოლაპარაკებაში ან გარიგებაში ყოფნა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც ბრალი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე, რომლებმაც დაგვიტოვეს 2008 წლის მემკვიდრეობა საოკუპაციო ძალასთან ერთად, ვერ აიცილეს თავიდან ვერც ერთი ყველაზე მძიმე პროვოკაცია საქართველოს უახლეს ისტორიაში, არის გამორიცხული. გამორიცხულია მათთან ან მათ დანაყოფ პარტიებთან რაიმე ტიპის თანამშრომლობა ან მეგობრობა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით,  „ქართული ოცნება“ დღეს არის უალტერნატივო პოლიტიკური ძალა, რომელსაც საქართველო შეუქცევადად მიჰყავს წარმატებისკენ.

„როცა წარმატებებზე ვსაუბრობ, ჩვენ ყველანი კარგად ვხედავთ, რა პრობლემებია დღეს ქვეყანაში. დღეს მოსახლეობას ისევ უჭირს და რა თქმა უნდა, წლებია საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ, გამოვიყვანოთ სიღარიბის ჭაობიდან. მხოლოდ და მხოლოდ ამ გზით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აიღო, რომელსაც 2012 წელს ჩაეყარა საფუძველი დიდი გამარჯვებით და, რომელიც დღესაც შეუქცევადად მიმდინარეობს, არის შესაძლებელი ჩვენი ქვეყნის გამოყვანა და სიღარიბიდან თავის დაღწევა. ვერც ერთი სხვა რეცეპტი ვერ იქნება ეფექტური საქართველოსთვის“, – განაცხადა მან.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ქვეყნის გადარჩენის, მოსახლეობის კეთილდღეობის მშენებლობის გზას.

„შეცდომებისგან, რა თქმა უნდა, დაზღვეული არავინ არის. ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზას – ჩავარდენიბითაც, მაგრამ უფრო მეტი წარმატებით, უფრო მეტი აღმასვლით, ვიდრე შეცდომებია და ხალხის სიყვარულით, ადამიანების გვერდში დგომით“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.