კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის ექვსი მოქალაქის დაკავების გამო დაზვერვის სამსახურის უფროსი და შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა

კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის ექვსი მოქალაქის დაკავების გამო დაზვერვის სამსახურის უფროსი და შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა

საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, გიულენის ორგანიზაციასთან სავარაუდო კავშირის ბრალდებით თურქეთის ექვსი მოქალაქის დაკავების შემდეგ დაზვერვის სამსახურის უფროსი და შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. 

კოსოვოს პრემიერ-მინისტრის რამუშა ხარადინაჯის თქმით, კოსოვოში განხორციელებული სპეცოპერაციის შესახებ მისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

″დღეს, კოსოვოს დაზვერვის სამსახურის მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად 6 თურქეთის მოქალაქე იქნა დეპორტირებული. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ამ სპეცოპერაციის შესახებ ინფორმირებული არ ვიყავი. აქედან გამომდინარე, სამართლებრივი და კონსტიტუციური უფლებამოსილებების შესაბამისად ვიმოქმედებ,″ - ამის შესახებ კოსოვოს პრემიერ-მინისტრი "ტვიტერის" პირად გვერდზე წერს. 

მომხდართან დაკავშირებით კოსოვოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა სადაც აღნიშნულია, რომ ″ამ ექვს ადამიანს, უსაფრთხოების მიზნით დაკავების შემდგომ ქვეყანაში დროებითი ბინადრობის ნებართვები გაუუქმდათ″.

თურქული საინფორმაციო სააგენტო ″ანადოლუ″, გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილები, თურქეთის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის (MIT) და კოსოვოს დაზვერვის სამსახურის ერთობლივი სპეცოპერაციით დააკავეს და თურქეთს გადასცენ. 
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, AKP-ს პროვინციის თავმჯდომარეების გაფართოებულ შეხვედრაზე ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

″ბოლოს ჩვენმა ეროვნული დაზვერვის სამსახურმა, კოსოვოს დაზვერვის სამსახურთან შეთანხმებით, ბალკანეთის ტერიტორიაზე გიულენის ორგანიზაციის ექვსი წარმომადგენელი დააკავეს და ჩვენი პოლიციის განყოფილებას ჩააბარეს. სადაც არ უნდა იყვნენ ამას მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ მათ დავიჭერთ და აქ ჩამოვიყვანთ. აქ კი პასუხს მოვთხოვთ,″ - განაცხადა ერდოღანმა.

http://www.bbc.com/turkce/haberler-dunya-43595392